საქართველოს ელჩი ისრაელში: იმედი გვქონდა, თამარ გოლდენბერგი გატაცებულებს შორის იქნებოდა, ის სამ მეგობართან ერთად ტერორისტების მსხვერპლი გახდა

ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდბერგი, რომელიც ნოვას ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, დაკარგულად ითვლებოდა, მოკლული იპოვეს.

„დღეს, 23 წლის თამი (თამარ) კორსანტია-გოლდბერგს გამოვემშვიდობებით. თამის დედ-მამა ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ და 93 წელს ლტოლვილებად ქცეულები ისრაელში რამდენიმე თვის ჩვილთან, თამის უფროს დასთან ერთად, გაემგზავრნენ. 7 ოქტომბრის დილას, თამი სამ მეგობართან ერთად ტერორისტებს ემსხვერპლა. ოჯახთან ერთად, ჩვენც იმედიანად ვიყავით, რომ თამი გატაცებულთა შორის იქნებოდა და ძალისხმევა არ დაგვიკლია სამძებრო და შემდეგ, გამოხსნის საშუალებებითა და ქმედებებით. თუმცა, პარასკევს მისი იდენტიფიცირება მოხდა. გუშინ მამამ 2015 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში თამის მიერ ინგლისურად გალექსილი ნააზრები მიჩვენა. ქართულად, მოკლედ ასე ჟღერს: შენთვის; ჩვენთვის; გარშემომყოფთათვის; ცოცხალთა და მკვდართათვის; უპოვართა და ყოვლისმქონეთათვის; შენი საკუთარი თავისთვის!.. შეიწყნარე განსხვავებული, აღიარე შეცდომები, ეგოგმანე სიყვარულს, გახსენი გონება და იცხოვრე! ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი. ამის შემდეგ 7 წლის თავზე, თამი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში ატარებდა თავისუფალ დროს, სულდაბინდული ორგანიზებული ტერორის მსხვერპლი გახდა,“ - წერს ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია Facebook-ზე.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.


პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. აფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.