საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა. ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს.
„დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები და გარდა ამისა, არის პირდაპირი რეისები, რომელსაც ახორციელებს ისრაელური კომპანიები - „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკია.“
აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, უბრალოდ მთელი რიგი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიებმა საომარი მოქმედებების გამო შეუჩერეს დაზღვევა ვეღარ ახორციელებენ ფრენებს, თუმცა დღეს თბილისის მიმართულებით 2 ფრენა არის, ხოლო ლარნაკის მიმართულებით უკვე 10 რეისი განხორციელდა.
ძირითადად ეს რეისები სავსე არ არის, ანუ მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, ვიდრე რეისები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადავსებული იქნებოდა რეისები. ვისაც სურვილი აქვს ისრაელის დატოვების ტოვებს ისრაელს, ვისაც სურვილი აქვს რჩება. აქ პრობლემაა ისიც, რომ პრაქტიკულად 3 კვირაა სამუშაოები არ არის და ისინი ვინც ისრაელში სამუშაოდ არიან ჩამოსულები, სამი კვირა უმუშევრობა საკმაოდ აწვებათ კისერზე და ამიტომ ურჩევნიათ, რომ გაემგზავრონ, რადგან მათთვის არ არის ცნობილი როდის განახლდება სამუშაოები.
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ვინც არის, 1500-მდეა მათი რიცხვი, ვინც ისრაელი დატოვა. ასევე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბევრი მოქალაქე და მთლიანად საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის განმავლობაში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა.
ყოველდღიურად ცხელი ხაზი მუშაობს და რეკავენ სხვადასხვა კითხვით, ძირითადად ნერვიულობდნენ იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა, რომ საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მოქალაქეებთან ცხელი ხაზის მეშვეობით გვაქვს კონტაქტი. ჩვენ 2 დღის წინ ვესაუბრეთ ქალაქ აშკელონში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს რომლებიც იქ სამუშაოდ არიან, 112 ადამიანი არის რეგისტრირებული, უფრო მეტნი არიან, თუმცა 112 რეგისტრირებულია. ასევე, აშკელონში 13 ქართველი ექიმი მუშაობს და ისინი მუშაობენ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, საავადმყოფოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან და დაჭრილები ძირითადად იმ საავადმყოფოში მიჰყავთ,“ - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.