მოსკოვი ერევნის „ანტირუსულმა ჟესტმა“ აღაშფოთა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრას დემონსტრაციულ ანტირუსული ნაბიჯი უწოდა.

„სომხეთის ხელმძღვანელობა ანგრევს მოსკოვსა და ერევანს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს. ჩვენ ამ შეხვედრას ოფიციალური ერევნის დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განვიხილავთ,“ - განაცხადა ზახაროვამ.


კიევში სომხეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ვლადიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის შეხვედრა მალტაში გაიმართა, რომლის დროსაც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.

ერმაკმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ანა ჰაკობიანს სექტემბრის დასაწყისში კიევში გამართულ სამიტში მონაწილეობისა და უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა დაადასტურა უკრაინული მხარის ვალდებულება, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის საკითხებში.

მანამდე მედია წერდა, რომ უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას სომხეთი პირველად შეუერთდა.


შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.

6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ.

6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა.