სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი 28 ოქტომბერს მალტაში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს.
სომხური მხარის ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარება და მშვიდობის დამყარების გზები განიხილეს.
მანამდე, 26 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში, ჯოშუა ჰაკი მიიღო.
მხარეებმა განიხილეს სომხეთის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების ვითარება და ხაზი გაუსვეს მკაფიო ძალისხმევის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.
სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი დღის წესრიგის მრავალსექტორული თანამშრომლობის შესახებ აზრები გაცვალეს, ხაზგასმით აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების აუცილებლობა. ხაზი გაესვა სომხეთ-ამერიკული ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.
ცნობისთვის, უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას, რომელიც ამჯერად მალტაში გაიმართა, სომხეთი პირველად შეუერთდა.
შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.
6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ.
6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა.
-
ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს
-
ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა