მოლდოვაში 5 ნოემბერს ადგილობრივი ხელისუფლების საყოველთაო არჩევნები იმართება. კენჭისყრისას 900-მდე ქალაქების მერებისა და სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, ასევე ადგილობრივი (ქალაქის, რაიონის, სოფლის) საბჭოების 11-ათასზე მეტ დეპუტატს ირჩევენ.
არჩევნებში 40-მდე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიამ, ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პრორუს ოლიგარქ ილან შორთან დაკავშირებულ პარტია „შანსის“ კანდიდატებს რეგისტრაცია გაუუქმა. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. პარტიამ - „შანსი“ ჩაანაცვლა პარტია - “შორი“, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა მანამდე აუკრძალეს.
დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა კი განაცხადა, რომ პარტია ამომრჩევლების მოსყიდვას ეწევა და რუსეთიდან ფულს იღებს.
ბრიფინგზე რესიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის საფუძველზე და ჰიბრიდული ომის კონტექსტში, რომელსაც რუსეთი მოლდოვაში აწარმოებს.
„გამოვლენილია ქმედებები საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ორგანიზებული ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს ილან შორი პოლიტიკური პარტია "შანსის" მეშვეობით,“ - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა.
პარტია „შანსის“ ლიდერმა ალექსეი ლუნგუმ ამ გადაწყვეტილებას მის პარტიაზე თავდასხმა უწოდა, ხოლო ილან შორმა აღნიშნა, რომ ფული მისი კანონიერი ბიზნესიდან არის მიღებული და არა რუსეთიდან. 2022 წლის ოქტომბერში აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს სანქციები დაუწესა მოქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან, მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან, რასაც კრემლი უჭერდა მხარს. აშშ-ის მასშტაბით გაიყინა მათი აქტივები. 2022 წლის დეკემბერში მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.
მოლდოვაში პარტია „შორის“ იდეური მხარდამჭერები არიან კომუნისტები და სოციალისტები, რომლებსაც პარლამენტში 30-ზე მეტი მანდატი აქვთ.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული პარტია აკრძალა, მაგრამ 3 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ „შორის“ წევრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მომავალ თვეში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავდა.
2 ნოემბერს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა.
- ასევე გაეცანით: მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის