ზელენსკი: მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება მივულოცე

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში, რომლის თანახმად, საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ერთმანეთს მიულოცეს.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს. საქართველოს პრეზიდენტმა კი, ამ თემაზე ორბელიანის სასახლის წინ შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.


„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მიულოცა. მე მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მე მადლობა გადავუხადე საქართველოს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის. ასევე, დავაყენე საკითხი, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე," - წერს ზელენსკი.