გობლი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პირობებს ამერიკაც მხარს უჭერს, არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ რუსეთი გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო დეკემბერში, ზუსტად 5 კვირაში მიიღებს, მანამდე კი, საქართველომ „საშინაო დავალების“ შესრულება უნდა განაგრძოს.

კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

ასევე, არჩევნების თემა ახალი არ არის, თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ პირველად არის ნახსენები.


ამ ყველაფერს წინ უძღოდა ვაშინგტონში გამართული სამიტი და ვაშინგტონის გზავნილი, რომ აშშ და ევროკავშირი საერთო ღირებულებების დასაცავად ერთად დგანან. 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.


ცნობილია, რომ ევროკავშირის მსგავსად, აშშ-სთვისაც მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ასევე 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, მით უმეტეს, ვაშინგტონმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია გლობალური მასშტაბით არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხეების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დაანონსა.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2024 წლის კენჭისყრა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. ამ საერთო სურათზე საკუთარ მოსაზრებას Europetime-თან აფიქსირებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი. ამერიკელი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ აშშ და ევროკავშირი იზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში ევროკომისიამ ჩაწერა.

  • ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა გარკვეული პირობები და მათ უკან სწორედ ევროკავშირი დგას და არა აშშ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც მხარს უჭერს ამ პირობებს. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შეშფოთება არსებობს, რომ რუსეთი და რუსეთის აგენტები გავლენას მოახდენენ (არჩევნების, რედ.) შედეგზე,“ - ამბობს პოლ გობლი.

ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით.