10 ნომებერს ბრიუსელში ფორუმი გაიმართა, რომელიც ერევნის სტრატეგიულ მომავალს მიეძღვნა. ღონისძიების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა. არმენ გრიგორიანმა ფორუმზე ("Strategic Future of Armenia: RA-Europe") სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების თხოვნით მიმართა. მან ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისთვის მზადყოფნა დააფიქსირა.
„სომხეთმა ცოტა ხნის წინ მიმართა ევროკავშირს, გაეფართოებინა თანამშრომლობა რიგ სფეროებში, თუნდაც, უსაფრთხოების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ გვექნება შედეგები და შევძლებთ, მათზე საჯაროდაც ვისაუბროთ. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბრიუსელთან თანამშრომლობას, მაგრამ მუშაობის გააქტიურება, გაფართოება ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ,“ - განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ბოლო დროს მართლაც ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან.
- „გაიხსნა სხვადასხვა სახის ახალი შესაძლებლობები. ალბათ, სომხეთს უსაფრთხოების თემაზე ასეთი ინტენსიური დიალოგი დასავლეთთან, ევროპასთან არასდროს ჰქონია. სამხედრო სფეროში თანამშრომლობით, საფრანგეთთან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ გავაძლიეროთ უსაფრთხოების თანამშრომლობა როგორც კოლექტიურ ევროპასთან, ასევე, ცალკეულ ქვეყნებთან. უფრო მეტიც, მხოლოდ სამხედრო სფეროს არ ვგულისხმობ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას შეიძლება, ასევე ჰქონდეს უსაფრთხოების კომპონენტი, რამაც შესაძლოა, გააძლიეროს სომხეთის უსაფრთხოება. სომხეთი ამისთვის მზად არის,“ - განაცხადა გრიგორიანმა.
შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.
6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ.
6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა.
-
ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს
-
ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა