ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის გაფართოება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა ბაქოში გამართულ II ფორუმზე - „მდგრადი ფინანსები და ინვესტიციები“ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროექტის სრული განხორციელება აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში.
„BTK-ის რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. მნიშვნელოვანი პროექტია ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი. ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც ამ პორტის გვერდით მდებარეობს და რომელსაც აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, უზრუნვლეყოფს ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციისა და მომსახურების წარმოებას. გააფართოებს აზერბაიჯანის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და გაზრდის ტვირთების გადაზიდვის მოცულობას. ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას რეგიონულ ჰაბად და ელექტრონული კომერციის ცენტრად,“ - განაცხადა ჯაბაროვმა.
აზერბაიჯანული მედია აგვისტოში წერდა, რომ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ CJSC (ADY) შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოსთან დაკავშირებით, ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან.
„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა.
მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“.
გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება.
BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო.
BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა.
-
თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს
-
ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია
-
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე
-
რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე