აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი: აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიქმეთ ჰაჯიევი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს აკრიტიკებს. ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა სამანტა პაუერის განცხადებას, როდესაც აშშ-ის მიერ მთიანი-ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია.

„სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტმა აზერბაიჯანელმა განიცადა სისხლიანი ეთნიკური წმენდა, აშშ აგრესორი სახელმწიფოს, სომხეთის გვერდით იდგა. დღეს, იგივე პოლიტიკა იგივე ფორმით გრძელდება.


„გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მას არასოდეს დაუყენებია საკითხი აზერბაიჯანელი დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალალო მდგომარეობაზე და არ მოუთხოვია გაეროს რეზოლუციების შესრულება. პრემია Aurora-ს მინიჭებით, ის გაერთიანდა ამ ფონდის დამფუძნებელთან, ცნობილ ოლიგარქთან და “ბინძური ფულის” გამთეთრებელთან რუბენ ვარდანიანთან. აზერბაიჯანფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია და სპეკულაციები პრემია Aurora-ს პროექტის ფარგლებში, როგორც ჩანს, რუბენ ვარდანიანისა და სამანტა ფაუერის საერთო ღირებულებები და ინტერესებია. ნიღბები ჩამოხსნილია! აზერბაიჯანში აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის,” – აცხადებს გაჯიევი.


„ავრორას პრიზი“ საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯილდოა, რომელიც გადაეცემა მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობების დროს გადარჩენილთა სახელით. პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი იყო. ის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სექტემბერში ლაჩინის დერეფანში, ყარაბაღის დატოვებისას დააკავა. სამანტა პაუერი „ავრორას პრიზის“ შესარჩევ კომიტეტს 2017 წელს შეუერთდა.


ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს.

  • „მისი (ო’ბრაიენის) მოლაპარაკებები არის გზა გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარებისა და გაფართოების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ - განუცხადა Europetime-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.