სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ NATO საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. მხარეების შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართა, სადაც ეუთოს მინისტერიალი იმართება.
„ჩვენ განვიხილეთ NATO-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ მივულოცე საქართველოს ევროკომისიის ბოლოდროინდელი დადებითი რეკომენდაცია. NATO მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ - წერს კოლომინა Twitter-ზე.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები.
ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის შემდეგ პოლონეთიც უცხადებს.
ევროკავშირის პოზიცია
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას კარგ შესაძლებლობად განიხილავს, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში.
ბორელმა განმარტა, რომ ესმის "ზოგიერთი მონაწილე სახელმწიფოს უხერხულობა" ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევანის გამო, დაუშვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი მინისტერიალზე.
„თუმცა ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს საერთო მიზნებს, რომ შევინარჩუნოთ მულტილატერალიზმი,“ განმარტა ბორელმა.
გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კიდევ ერთხელ უნდა მოისმინოს“ დანარჩენი მონაწილეებისგან, თუ რატომ არის მოსკოვი იზოლირებული უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
„და შემდეგ ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და მოახსენოს კრემლის ოსტატს, რომ ევროკავშირი და ეუთო ერთიანი რჩებიან. ეს (შეხვედრა) მაინც სასარგებლო იქნება ამ თვალსაზრისით. “ - აღნიშნა ბორელმა.
აშშ-ის პოზიცია
ბოიკოტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე აირჩევს დასწრებას.
„ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები.