გერმანია მზად უნდა იყოს, მეტი გააკეთოს უკრაინისთვის, ომი, ალბათ, მალე არ დასრულდება - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთმა ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა კონსენსუსი ჩააგდო და ცხადი უნდა გახდეს, რომ "ევროპაში საზღვრები ძალით ვეღარ შეიცვლება."


კანცლერის თქმით, ამ მიზეზით, გერმანია მეტის გაკეთებისთვის უნდა იყოს მზად მაშინ, "როდესაც სხვები ყოყმანობენ." „დოიჩე ველე“ წერს, რომ სავარაუდოდ, ამით შოლცმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ „პოლიტიკურ გაურკვევლობაზე“ მიანიშნა.

ამასთან, საგულისხმოა, რომ 6 დეკემბერს სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავს.


„ეს ომი, ალბათ, მალე არ დასრულდება, როგორც ყველა ვიმედოვნებდით. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შეგვეძლოს, გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ დღეს, ამ წელს, მომავალ წელს და შემდგომ წელს," - განაცხადა შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კიევში ვიზიტისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ეს პაკეტი, სხვა დახმარებასთან ერთად, ასევე მოიცავს დამატებით ოთხ IRIS-T-SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, ასევე, 20 000 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. 


მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის, სოციალ-დემოკრატების (SPD) პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინმა გერმანიის დახმარება შემცირებულად არ უნდა ჩათვალოს. მან პირობა დადო, რომ ბერლინი რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. ამისათვის მან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაც დააანონსა.


აღსანიშნავია, რომ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმად, პანდემიისთვის განკუთვნილი და გამოუყენებელი 60 მილიარდი ევროს კლიმატის ფონდში გადამისამართება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა, გერმანიის მთავრობის მიერ დაგეგმილ ხარჯებში გარკვეული კრიზისი შექმნა.

გერმანია უკრაინის ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია ევროპაში და ამ მხრივ მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. 9 დეკემბერს უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 95 „სამხედრო შეტაკება“ მოხდა. განხორციელდა 28 სარაკეტო თავდასხმა და 27 საჰაერო თავდასხმა.

ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონეცკის რეგიონში, ავდეევკის რაიონში გაიმართა. რუსეთის ჯარები კვირებია, ცდილობენ ალყაში მოაქციონ ეს სამრეწველო ქალაქი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო სიმბოლოდ იქცა.