ბლინკენი: მოსკოვში, თეირანსა და პეკინში სხედან ერთადერთი ადამიანები, რომლებიც ბედნიერები იქნებიან, თუ კონგრესი უკრაინის დახმარებას არ დაამტკიცებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ბლინკენის თქმით, უკრაინის დახმარება აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 


„ვფიქრობ, ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ ამ დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას არ დაამტკიცებს კონგრესი, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში ზის. უკრაინისთვის ეს აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ მიაღწიეს საოცარ პროგრესს გასული წლის განმავლობაში რუსული აგრესიის მოგერიებაში, დაიბრუნეს ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან მიიტაცეს. მაგრამ ახლა ისინი სასტიკ ბრძოლაში არიან სამხრეთ და აღმოსავლეთში. თუ პუტინი შეძლებს წინსვლას დაუსჯელად, ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება,“ აღნიშნა ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ მედიის შეკითხვების საპასუხოდ ასევე ისაუბრა იმ მიღწევაზე, რომელიც მისი შეფასებით, უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ვფიქრობ, პროგრესი იყო. ხანდახან მნიშვნელოვანია, გვერდიდან შევხედოთ, რეალურად რა მოხდა. უკრაინელებმა პუტინის მიერ მიტაცებული მიწის ნახევარი უკან დაიბრუნეს. ცოტა ხნის წინ მათ რუსეთის ფლოტი უკუაგდეს შავი ზღვის გასწვრივ და ამ პროცესის დროს მისი დიდი ნაწილი ჩაძირეს.


ჩვენ გავხსენით გადაზიდვის ხაზი, ბრიტანული დაზღვევით, ამდენად, 200-ზე მეტმა გემმა მოახერხა მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტი უკრაინიდან და ეს უკრაინის ეკონომიკას განვითარებაში დაეხმარა. და რა თქმა უნდა, ისინი არიან როგორც NATO-ს, ისე ევროკავშირის კართან. ეს არის უზარმაზარი წინსვლა ამ ქვეყნისთვის მათ ბრძოლაში,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, რასაც მოსკოვის საერთაშორისო იზოლაცია და მის მიმართ დასავლეთის მძიმე სანქციები მოჰყვა.