საპატრიარქო: მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს

საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მოუწოდებს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს. 

„ა.წ. 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ, მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავიანთი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება.


ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქთანაც შეთანხმებული.

შევნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია, ხატების და სიწმინდეების მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს და ახლაც ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს.

ხატების, სიწმინდეების და, ზოგადად, ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაუშვებელია მკრეხელობა და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები მათ მიმართ და ამგვარი ქმედებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად სახელდება. თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.

მიმდინარე პროცესებმა, ბუნებრივია, მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, 11 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“

განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“

„თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. 


უფრო ადრე სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ.

ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, Facebook-ზე რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.