რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი შესაძლოა, გახანგრძლივდეს და 2025 წელსაც არ დასრულდეს. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა აცხადებს. მან განმარტა, რომ NATO მოელის გაჭიანურებულ ომს მცირე წინსვლებით, კონტრშეტევებით და ტერიტორიების ოკუპაცია-დაკარგვით. ინფორმაციას რუმინეთის ტელევიზია ავრცელებს.
„ჩემი მოწოდებაა, მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის; ის გაგრძელდება. ის არ დასრულდება 2024 წელს, ალბათ, არც 2025 წელს. ჩვენ ვერ ვხედავთ სამხედრო პოტენციალს, რომ დავინახოთ გადამწყვეტი გამარჯვების ამა თუ იმ გზით მიღწევის შესაძლებლობა," - აღნიშნავს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე.
ჯოანას თქმით, NATO-ს სჭირდება, რომ უკრაინამ გაუძლოს, მოლდოვა შეუერთდეს ევროპას და საქართველო გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი.
„უკრაინელებმა ჩვენი მხარდაჭერით მოახერხეს რუსების მიერ თავდაპირველად ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ის დაბრუნება. ეს არ არის პატარა რამ. ჩვენ გვჭირდება წელში გამართული უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა - ევროპაში, საქართველო - ევროატლანტიკურ საზოგადოებაში,“ - განაცხადა მირჩა ჯეოანამ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ შეიძლება, რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ.
„არ მივცეთ კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა. არ მივცეთ რუსეთს ძლიერი კონტრშეტევისთვის მომზადების შესაძლებლობა, ერთი წლის, ორი წლის, სამი წლის, ხუთი წლის განმავლობაში,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი მანამდეა დასამთავრებელი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის გაყინვის შემთხვევაში სანქციები, დროის განმავლობაში, შესუსტდება და გაჩნდება ახალი რიტორიკა: “რისთვისაა ახალი სასანქციო პაკეტი საჭირო თუ საბრძოლო ქმედებები არ არის?”
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი რევანშისთვის ემზადება, უკრაინა კი გეგმავს, რომ ეს არ დაუშვას. ზელენსკის თქმით, საჭიროა, რომ უკრაინის გეგმები პარტნიორების შესაძლებლობებს ემთხვეოდეს.
„ჩვენი მიზნები - უკრაინულია, მაგრამ გეგმები ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობებს უნდა ემთხვეოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.