რას პასუხობს სახელმწიფო დეპარტამენტი ლუის ბონოს ბოლო ვიზიტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს

აზერბაიჯანული მედია გასული კვირების განმავლობაში აქტიურად წერდა ვაშინგტონსა და ბაქოს შორის კიდევ ერთ შესაძლო უთანხმოებაზე, რომლის გამოხატულებად კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ლუის ბონოს ვიზიტზე აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაძლო უარს ასახელებდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ბონომ 8 იანვარს მოლაპარაკებები გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანთან. 9 იანვარს კი, ამერიკელი დიპლომატი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს რუბენ რუბინიანს შეხვდა.


მხარეებმა აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ძალისხმევა განიხილეს.

„აშშ გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - აღნიშნული იყო სომხეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია ბაქოში ლუის ბონოს შესაძლო ვიზიტით დაინტერესდა და საელჩოს მიმართა. შესაბამისად, მედია ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით წერდა, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში კონკრეტული კომენტარი არ გააკეთეს და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ბონო რეგულარულად ესაუბრება რამდენიმე ძირითად დაინტერესებულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ინფორმაციაში არ იყო დაზუსტებული, ბონო ბაქოშიც გეგმავდა თუ არა ჩასვლას. დეტალებზე ამერიკული მხარე არ საუბრობდა.


უკვე 18 იანვრის ტრადიციულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ჰკითხეს, თუ „რატომ აარიდა ლუის ბონომ თავი ბაქოში ვიზიტს და რა იყო ამის მიზეზი, ასევე, რა მესიჯი ჩაიტანა ბონომ სომხეთში, რაზეც მილერმა უპასუხა, რომ შეხვედრების შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

ჩვენ მივესალმებით იმ სამუშაოს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისკენ არის მიმართული. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ხელს მოაწერენ გრძელვადიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც აღიარებს ასეთ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს გასული წლის განმავლობაში და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შეინარჩუნონ წინა მოლაპარაკებების იმპულსი და დადონ ეს შეთანხმება,“ - განაცხადა მილერმა.


ცნობისთვის, 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ ბაქო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის კომენტარებით უკმაყოფილო დარჩა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვაშინგტონის საპასუხოდ გააუქმა ყველა დონის მაღალი ვიზიტი, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს უთანხმოება ჯეიმს ო’ბრაიენის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ გაქარწყლდა.


შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება.

  • „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“