აშშ-ის მიმართვის შემდეგ, საბერძნეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება - მედია

საბერძნეთის მთავრობამ უკრაინისთვის მოძველებული იარაღის სისტემების მიწოდებას მხარი დაუჭირა. თავდაცვის სამინისტროს დაევალა უკრაინაში იმ იარაღის მიწოდება, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ამ დროისთვის უცნობია, რას მოიცავს დახმარების პაკეტი. „დოიჩე ველე“ წერს, რომ საბერძნეთის შეიარაღებაში შედის საბჭოთა დროის საჰაერო თავდაცვის სისტემები Tor-ი, Osa, S-300-ი და ZU-23-2-ის საზენიტო იარაღი.


უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეერთებულმა 27 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი აშშ დოლარის F-35 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვა დაამტკიცა.


იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკის მიცოტაკისს წერილი გაუგზავნა, სადაც მოუწოდებს, რომ ვაშინგტონის მხრიდან დამატებითი, 200 მილიონი დოლარის დახმარების სანაცვლოდ, უკრაინას იარაღი გადასცეს, ან მიყიდოს.


საბერძნეთს შეუძლია, 20 საბრძოლო თვითმფრინავი, მათი 42 ძრავა, ასევე, მართვის სისტემები და სათადარიგო ნაწილები მიიღოს. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება კონგრესმა 30 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.