რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, NATO-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა შენდება

რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 57-ე ავიაბაზაზე NATO-ს სამხედრო ბაზის მშენებლობის დასრულება 2040 წლისთვის იგეგმება.

ამერიკული ძალები „მიხაილ კოგალნიჩანუს ბაზას“ 1999 წლიდან იყენებენ და ამ დროისთვის იქ განლაგებულია შეერთებული შტატების 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ელემენტები, ასევე მოკავშირეთა მოიერიშე თვითმფრინავები.


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბაზa 2 800 ჰექტარზე განლაგდება, სადაც ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი ოჯახებთან ერთად იცხოვრებს.

სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის რუმინეთი 2.5 მილიარდ ევროს დახარჯავს.

პროექტი მიზნად ისახავს საჰაერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მათ შორის, იქნება ახალი ასაფრენი ბილიკები, ახალი საკონტროლო კოშკი, რადიო-სანავიგაციო სისტემა, ფრენის სიმულატორი, ასევე ანგარები. გარდა ამისა, იქნება ადმინისტრაციული და სოციალური შენობები, სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრი და საავადმყოფო.