„ვმუშაობთ დასახმარებლად, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში - ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე,“ -USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორ ჯონ პენელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ თვეში საქართველოში საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ.
„დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შემდეგ, ჯერ კიდევ რჩება ცხრა პუნქტი, რომლებზეც საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს. USAID, ისევე როგორც შეერთებული შტატების მთავრობა უფრო ფართოდ, ევროკავშირი და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობასთან მუშაობს ზოგიერთ დარჩენილ პუნქტზე, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით და ბევრ სხვა სფეროში.
ასევე, ვმუშაობთ იმაში დასახმარებლად, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში, დავეხმაროთ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სექტორში არსებული საკითხების მოგვარებაში, დავეხმაროთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ან ინფორმაციის მანიპულაციის თავიდან აცილებაში. ეს სფეროები მოითხოვს კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთობლივ მუშაობას. ეს მიმდინარე პროცესებია, რომელთაგან ბევრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდეც მიმდინარეობდა.
საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი საარჩევნო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარის დახმარებაზე, რათა თავად პროცესი იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე. ასე რომ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების ადმინისტრირების შესაძლებლობის დასახვეწად, განსაკუთრებით, ახალი ელექტრონული ხმების დათვლის გათვალისწინებით, რაც ამ არჩევნებზე მოხდება.
ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ ამომრჩეველთა განათლების პროგრამის ჩაშვებაზე, რათა ამომრჩევლებმა ზუსტად იცოდნენ, რა არის ეს პროცესი. ასევე მუშაობთ საარჩევნო უბნების თანამშრომლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ თუ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს რაიმე კითხვა ექნება მათ იცოდნენ, როგორ გასცენ პასუხი ამომრჩეველს. ვმუშაობთ როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სადამკვირვებლო ჯგუფებთან საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.
„გლობალური დახმარების პოლიტიკის” ფარგლებში, ჩვენ ასევე ვმუშაობთ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიმართულებით. მათი სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს ვეხმარებით პლატფორმის შემუშავებაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე იმაში, თუ როგორ განავითარონ ურთიერთობა ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტთან, რათა რეალურად შეეცადონ შექმნან უფრო ძლიერი დემოკრატიული გარემო იმისთვის, რომ ინდივიდუალურ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის სპექტრი. რამდენიმე კვირის წინ ჩამოსული იყო წინასაარჩევნო შეფასების მისია, რომელსაც “ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი” [ენ-დი-აი] ხელმძღვანელობდა.
დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ასეთი მისია. სადღაც მომავალ თვეში ჩამოვლენ საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები. რეალურად ვსაუბრობთ ათასობით დამკვირვებელზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი წარმომადგენლობით. ამ რაოდენობის უმეტესობა ადგილობრივი ორგანიზაციებიდან იქნება და ეს იქნება ძალიან, ძალიან ძლიერი პროცესი. ეს არის მხოლოდ ის, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა აკეთებს, რა თქმა უნდა, სხვა ორგანიზაციები და სხვა ქვეყნებიც გამოგზავნიან დამკვირვებლებს, რომლებთანაც ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა ჯონ პენელმა.
ჯონ პენელის თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ცვლილებები დასრულდება და ვაკანტური თანამდებობები შეივსება, იგეგმება მინისტრის მოადგილეების დონეზე შეხვედრები ჩვენი ყველა პროგრამის შესახებ განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად.