NATO-ს სურს, უკრაინა ნახოს გამარჯვებული - ჯულიან სმიტი

NATO-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორია რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიისგან. ჯულიან სმიტმა აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას, იქნება ეს მათი უსაფრთხოების ორმხრივი დახმარების საშუალებით, თუ ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტით.

„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორია რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიისგან. ჩვენ, შეერთებულმა შტატებმა,უკვე გადავეცით უკრაინას 44 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის დახმარება უსაფრთხოების მიზნით, რათა მათ ამის ეფექტიანად გაკეთება შეეძლოთ.


და როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვაგრძელებთ კონგრესში ჩვენი მეგობრების წახალისებას, რომ დამატებითი დახმარება უზრუნველყონ, რათა მეტი მხარდაჭერა იგრძნონ უკრაინელმა სამხედრო მეთაურებმა.

ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინელების უფლებაზე, დაიცვან თავიანთი ტერიტორია და განდევნონ რუსები მისი ტერიტორიიდან, სადაც უკრაინელებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. და კიდევ, ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მათ გააგრძელონ ამ გამარჯვებების უზრუნველყოფა ბრძოლის ველზე.


NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას, იქნება ეს მათი უსაფრთხოების ორმხრივი დახმარების საშუალებით, თუ ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტით. ალიანსი მოწოდებულია, ნახოს უკრაინა გამარჯვებული და ჩვენ ვდგავართ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებთან ერთად, მუდმივად ვეძებთ გზებს, მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს უკრაინაში ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლის ველზე,“ აღნიშნა სმიტმა.


შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.

კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.