ორშაბათიდან, ლიეტუვაში ეტაპობრივად ჩასვლას იწყებენ გერმანული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა საბოლოოდ, სამოქალაქო პირების ჩათვლით, 5000-ს მიაღწევს. 8 აპრილს, ვილნიუსში გერმანიის პირველ ოც სამხედრო მოსამსახურესა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მეთაურს დახვდებიან.
პირველი ნაკადი ვილნიუსში განლაგდება. ასევე გეგმავენ შემდგომ ღონისძიებებს ბრიგადის გადაადგილებისთვის და კოორდინაციას გაუწევენ ყველა საჭირო ნაბიჯს მათი განლაგებისთვის.
გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად.
„მნიშვნელოვანი დღეა ბუნდესვერისთვის. პირველად, ვიწყებთ ასეთი ქვედანაყოფის განთავსებას გერმანიის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა ბორის პისტორიუსმა ბერლინში, სადაც ლიეტუვაში პირველი 20 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის ცერემონია გაიმართა. ამ სამხედროებმა უნდა მოამზადონ პირობები გერმანელი ჯარისკაცების შემდგომი გადაყვანისთვის.
„ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის, ადგილზე. ინფრასტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, ადგილზე უნდა იყოს ყაზარმები და ბინები. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ლიეტუვის მხრიდან და გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბრიგადა თავიდანვე ისე იყოს უზრუნველყოფილი, როგორც საჭიროა,“ - განაცხადა პისტორიუსმა.
ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი ვითარების ფონზე, გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ლიეტუვაში მუდმივად განათავსებს საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ ქვედანაყოფს.
ბუნდესვერის ბრიგადამ, რომელიც შედგება დაახლოებით 4 800 ჯარისკაცისგან და ბუნდესვერის 200 სამოქალაქო თანამშრომლისგან, სრულ საბრძოლო მზადყოფნას 2027 წლისთვის უნდა მიაღწიოს. ქვედანაყოფ 45-ე სატანკო ბრიგადის საბოლოოდ ჩამოყალიბება 2025 წელს იგეგმება.
150 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი მცირე ჯგუფი ლიეტუვაში სამსახურს წელს დაიწყებს. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის განლაგება გერმანიას თითქმის 800 მილიონი ევრო დაუჯდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბოლოს გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, ლიეტუვაში გერმანული ბრიგადის განლაგების სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მაშინ „ისტორიული შეთანხმება“, ცივი ომის დროს, დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეთა ძალების განლაგებას შეადარა.
მაშინ ეს ძალები საბჭოთა თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთ ევროპის დასაცავად იყვნენ განლაგებულნი.
122-ე მექანიზებული ბატალიონი, რომელიც ამჟამად განლაგებულია სამხრეთ გერმანიაში და 203-ე მექანიზებული ბატალიონი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, ლიეტუვაში გადაინაცვლებს.
NATO-ს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც უკვე ლიეტუვაში იმყოფება, ბრიგადის შემადგენელი გახდება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბრიგადის სრული განლაგება 2027 წლისთვის დასრულდება.
გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას.
თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.