გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის კიდევ 20 Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა შეუკვეთა - Rheinmetall-ი

გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას 2024 წლის განმავლობაში, დამატებით, 20 Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას მიაწვდის, იუწყება კომპანიის პრესსამსახური.

შეკვეთა 2024 წლის მარტში გაკეთდა. კომპანიამ პირველი 20 ასეთი საბრძოლო მანქანა უკრაინას უკვე მიაწოდა 2023 წლის მარტში გერმანიის მთავრობის სახელით. მას შემდეგ, უკრაინაში კიდევ რამდენიმე პარტია გაიგზავნა. მისი არსებობის განმავლობაში, საბრძოლო მანქანა ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, მრავალჯერ განახლდა.


მარტის ბოლოს გერმანიამ გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პარტია, რომელიც საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალას, თვითმფრინავებს და განაღმვის მანქანებს მოიცავს. მანამდე გერმანიამ გამოაცხადა, რომ მოამზადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც 500 მილიონ ევროს შეადგენს. გერმანიას აშშ-ის შემდეგ, უკრაინის დახმარებაში ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდა.


შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.


კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.