გერმანიის კანცლერის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ საქართველო არ მიიღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს გერმანიის და მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. მან ამის შესახებ ბერლინში, საქართველოს პრემიერთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. კანცლერის თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში.“
„ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს. ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. „რატომ არიან ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა „ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი,“ ჰკითხა კანცლერს „იმედის“ ჟურნალისტმა.
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსფარენტურობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი,“ - განაცხადა შოლცმა.
გერმანიის ელჩმა 11 აპრილს დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება.
გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება.
გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას.
„ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.
- დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.