ვინ დაუჭირა მხარი ისრაელზე ირანის თავდასხმას

„ჰამასი“ ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას ბუნებრივ უფლებად და დამსახურებულ პასუხად აფასებს.

„მიგვაჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ბუნებრივ უფლებას და დამსახურებულ პასუხს წარმოადგენს დამასკოში ირანის საკონსულოს თავდასხმისა და რევოლუციური გვარდიის რამდენიმე ლიდერის მკვლელობის დანაშაულზე,“ - ნათქვამია ევროკავშირის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასის“ განცხადებაში. თავად ირანის მოკავშირე „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს.


რაც შეეხება რუსეთს, რომელმაც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, „ჰამასის“ წარმომადგენლებს მოსკოვში უმასპინძლა, აცხადებს, რომ „მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და რეგიონში მორიგი საშიში ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს.“


„გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას რეგიონში მორიგი სახიფათო ესკალაციის გამო. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში, უპირველეს ყოვლისა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში, არსებული მრავალი კრიზისის, რომელიც ხშირად გამოწვეულია უპასუხისმგებლო პროვოკაციული ქმედებებით, გადაუჭრელობა დაძაბულობის გაზრდას გამოიწვევდა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ველით, რომ რეგიონული ქვეყნები გადაწყვეტენ არსებულ პრობლემებს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით,“ - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


გარდა ამისა, თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს განუცხადა, რომ „თურქეთს არ სურს რეგიონში შემდგომი ესკალაცია.“


თურქული მედია დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაცია დასრულდა და ირანი ახალ ოპერაციას არ განახორციელებს, თუ მასზე თავდასხმა არ მოხდება.

ამავდროულად, ამირ-აბდოლაჰიანმა სატელეფონო საუბრისას ჰაკან ფიდანს განუცხადა, რომ თუ ირანს ხელახლა დაესხმებიან თავს, მათი პასუხი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე გუშინ იყო.

ცნობისთვის, თურქეთი ისრაელს ომის დანაშაულებში სდებს ბრალს.


შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.


ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას.


ირანის მოკავშირეები

შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“