რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მოქალაქეები ე.წ. აგენტების კანონის პარლამენტში განხილვის დაწყებას აპროტესტებენ და ამ საკანონმდებლო ინიციატივას „რუსულ კანონს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს კანონპროექტის განხილვა. დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს, სხვა დანარჩენს დაცვა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს თამარ კორძაიასა და „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო სექტორის წევრების გამოსვლებს პასუხობდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის რუსული, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა.
„თუკი რამე არის რუსული, თუკი რამე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და ჩვენი სახელის გატეხას ემსახურება, ეს სწორედ ის განცხადებებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ გაკეთებული,“ - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა, რასაც თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურნენ და უკმაყოფილება გამოთქვეს.
„პროვოკაციისთვის შემოხვედით, დატოვეთ დარბაზი. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია. თქვენს შეურაცხყოფებს საზღვარი აქვს. ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ყველგან დავიცავთ,“ - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.
„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.
5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.
ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია