კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ფრანგული კანონი არ არის - ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. მისი განცხადებით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია, მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.


„საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს. როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში მივესალმებით. ეს კარგად მოგეხსენებათ. როგორც საქართველოს მეგობრები, - ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, - საქართველოს ვეუბნებით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. და [მიიღებს თუ არა] საქართველოს გადასაწყვეტია,“ - განუცხადა ელჩმა გასრიმ 16 აპრილს ჟურნალისტებს გორში სტუმრობისას რადიო თავისუფლებიც ცნობით.


14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობდა.

15 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.


ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.


„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.


5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.


ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.


პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.