საფრანგეთი ევროკავშირს, მთელ მსოფლიოში რუსული დეზინფორმაციისა და არჩევნებში ჩარევის საწინააღმდეგოდ, სანქციების დაწესებას სთავაზობს - Bloomberg

საფრანგეთი ევროკავშირს, მთელ მსოფლიოში რუსული დეზინფორმაციისა და არჩევნებში ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს. იტყობინება Bloomberg-ი საფრანგეთის წინადადებაზე დაყრდნობით.


„კერძოდ, ეს წინადადება მიზანში იღებს მათ, ვინც ემუქრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან მესამე ქვეყნების სტაბილურობას, უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს არჩევნების, კანონის უზენაესობის შელახვით, ძალადობის აქტების ხელშეწყობით ან ამის გაკეთებით, ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის გზით“, წერს Bloomberg-ი.


„რუსეთთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები ყველგან - ევროპაშიც გაიზარდა - რუსეთის რეჟიმმა მიიღო ზომები დემოკრატიის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შელახვის მიზნით სხვადასხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტების მეშვეობით,“ - ნათქვამია საფრანგეთის წინადადებაში, რომელსაც გამოცემა გაეცნო.


წინადადებას მხარს უჭერენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ნიდერლანდები და პოლონეთი.ევროკავშირის ოფიციალური პირები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან რუსეთის დეზინფორმაციითა და ევროპარლამენტის არჩევნებში შესაძლო ჩარევით,“ განუცხადეს Bloomberg-ს წყაროებმა.


მათი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დეზინფორმაციის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. Microsoft-მა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსული ონლაინ დეზინფორმაციის კამპანია, რომლის სამიზნეც აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებია, უკვე დაიწყო.




შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.