აშშ-მ უკრაინაში ATACMS-ის შორი რადიუსის რაკეტები საიდუმლოდ გაგზავნა

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით, უკრაინისთვის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) მიწოდება შეერთებული შტატების უწყებებმა გაზაფხულზე დაიწყეს. ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა 24 აპრილს, პრესკონფერენციაზე დაადასტურა. მას ჰკითეს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაშინგტონმა კიევს ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ბოლო კვირებში ფარულად გაუგზავნა.

პატელის თქმით, ბაიდენმა ფარულად უბრძანა თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, გაეგზავნათ ATACMS-ები უკრაინაში, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად თებერვალში. „მათ დაიწყეს მოძრაობა სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ 12 მარტს," - აღნიშნა პატელმა. პატელის თქმით, უკრაინამ რაკეტები აპრილში მიიღო.

მანამდე, Reuters-ი წერდა, რომ აშშ-მ გასულ კვირებში უკრაინას საიდუმლოდ გადასცა ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც უკრაინელებმა უკვე ორჯერ გამოიყენეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც Reuters-თან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, გადაცემული რაკეტების რაოდენობა არ დააზუსტა. წყაროს ინფორმაციით, რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა.


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ რაკეტების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გაიგზავნა უკრაინაში. მისი თქმით, უკრაინა ვალდებულია, გამოიყენოს იარაღი მხოლოდ უკრაინის შიგნით და არა რუსეთში. „ზოგიერთი რაკეტა შედიოდა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის შეიარაღების პაკეტში, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს დაამტკიცა,“ აღნიშნა სალივანმა.


Reuters-თან საუბარში წყარომ ასევე დაადასტურა, რომ 17 აპრილს ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე ქალაქ ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე იერიში უკრაინელებმა სწორედ ATACMS-ებით მიიტანეს. ოფიციალური პირის თქმით, უკრაინამ მეორედ, იარაღი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსული ძალების წინააღმდეგ გამოიყენა.

შეერთებულმა შტატებმა ATACMS-ის რაკეტები პირველად უკრაინას 2023 წლის ოქტომბერში მიაწოდა, თვეების განხილვის შემდეგ. პაკეტში შედიოდა მხოლოდ ძველი მოდელები, რომელთა მანძილი 165 კილომეტრია. ATACMS-ის უახლეს ვარიანტებს კი, მაქსიმალური დიაპაზონი დაახლოებით 300 კილომეტრი აქვთ.


ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.


Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.

„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.


შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს.

კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.