NYT: აშშ-მ უკრაინას ATACMS-ის შორი რადიუსის 100-ზე მეტი რაკეტა გაუგზავნა

გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა ფარულად უკრაინაში, ATACMS-ის 100-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გაგზავნა, რომელთაგან ზოგიერთი მაშინვე განლაგდა და კიევმა უკვე გამოიყენა ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოიში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე დასარტყმელად, იტყობინება New York Times (NYT) 25 აპრილს.


უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 18 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა თავდასხმისას გაანადგურეს ოთხი S-400-ის გამშვები, სამი სარადარო სადგური, საჰაერო თავდაცვის ოპერაციების სამეთაურო პუნქტი და საჰაერო სივრცის სათვალთვალო აღჭურვილობა Fundament-M.


„ამ დარტყმებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინას შეუძლია ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვება, როდესაც მას სწორი ინსტრუმენტები მიეცემა,” - განაცხადა მისისიპის რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ ვიკერმა, შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსმა.


„მოსალოდნელია, რომ მეტი ამერიკული იარაღი გაიგზავნება უკრაინაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს, რომლის ღირებულებაც 61 მილიარდი დოლარია (49 მილიონი ფუნტი),“ წერს BBC. პენტაგონმა კიევისთვის იარაღის მიწოდების დაწყების შესახებ გუშინვე განაცხადა.



ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.


Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.

„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.


შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს.

კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.