უკრაინისთვის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) მიწოდება შეერთებული შტატების უწყებებმა გაზაფხულზე, ფარულად დაიწყეს. ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა 24 აპრილს, პრესკონფერენციაზე დაადასტურა. მას ჰკითეს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაშინგტონმა კიევს ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ბოლო კვირებში ფარულად გაუგზავნა. გაურკვეველია, რამდენი ასეთი იარაღია უკვე გაგზავნილი უკრაინაში, მაგრამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განმარტა, რომ ვაშინგტონი კიდევ აპირებს მის გაგზავნას.
როგორც BBC წერს, ATACMS-ის რაკეტები უკრაინელებმა უკვე ერთხელ მაინც გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ობიექტებზე დასარტყმელად. აშშ-ის შემდგომი დახმარება ახლა კიევისკენ მიემართება.
„მოსალოდნელია, რომ მეტი ამერიკული იარაღი გაიგზავნება უკრაინაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს, რომლის ღირებულებაც 61 მილიარდი დოლარია (49 მილიონი ფუნტი),“ წერს BBC. პენტაგონმა კიევისთვის იარაღის მიწოდების დაწყების შესახებ გუშინვე განაცხადა.
-
აშშ-მ უკრაინაში ATACMS-ის შორი რადიუსის რაკეტები საიდუმლოდ გაგზავნა
-
რას შეცვლის ATACMS-ის რაკეტები უკრაინისთვის
ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.
„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.
შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს.
კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.