„დარჩით ევროკავშირის გზაზე" - ელჩი ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


„დღეს ევროპის დღეა! ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული.

საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.


საქართველოსთვის მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს.


წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ.

ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!


ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ.

ასე რომ, მოდი, აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ,“ ნათქვამია ელჩის განცხადებაში.


შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.