2023 წელს NATO-ს საჰაერო ძალებმა ევროპის მასშტაბით, 300-ზე მეტჯერ შეაჩერეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, მათი უმეტესობა ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდა.
2024 წლიდან მოყოლებული, ვითარება კიდევ უფრო შეიცვალა და 20%-ით გაიზარდა NATO-სა და რუსული თვითმფრინავების ერთმანეთთან გადაკვეთის მაჩვენებელი. Reuters-ს ალიანსის წყარომ უარი განუცხადა NATO-ს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ავიაციის ფრენების ზუსტი რაოდენობის დაზუსტებაზე. თუმცა, 2023 წლის ბოლოს მოპოვებული მონაცემები სწორედ ალიანსის სტატისტიკას ეყრდნობა.
ინციდენტების უმეტესობა კონკრეტულად, ბალტიის ზღვაზე მოხდა. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ NATO ალიანსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რუსული თვითმფრინავების შემადგენლობაში ცვლილებებს აკვირდება.
დასავლელი პილოტები ახლა იშვიათად ხვდებიან რუსულ გამანადგურებლებს და სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რომლებიც უახლოვდებიან მოკავშირეთა საჰაერო სივრცეს. უფრო ხშირად ისინი ამჩნევენ სადაზვერვო ან სატრანსპორტო თვითმფრინავებს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დიდი ხანია, შეწყვიტეს ტრანსპონდერის კოდების გადაცემა, სადაც მითითებულია მათი მდებარეობა და ფრენის სიმაღლე, არ წარადგენენ ფრენის გეგმებს და არ უკავშირდებიან საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელს. „გაურკვეველია, რატომ შეცვალა რუსეთმა თავისი ქცევა, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ მოსკოვს სჭირდება მისი ბომბდამშენები და გამანადგურებლები უკრაინაში, რადგან იქ ბრძოლების ინტენსივობა გაიზარდა,“ დასძინა წყარომ.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, NATO-მ არსებითად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა მის აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავით, სათვალთვალო ფრენებითა და სახმელეთო საჰაერო თავდაცვით.
რუსეთის განმეორებითი დარტყმების შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, NATO-ს ტერიტორიასთან ძალიან ახლოს, მოკავშირეებმა რუმინეთში დამატებითი მოიერიშე თვითმფრინავები განათავსეს. ოქტომბერში, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა მილსადენების დაზიანების შემდეგ, ალიანსმა რეგიონში დამატებითი შესაძლებლობები გაგზავნა. წელს ალიანსმა ასევე ჩაატარა თავისი ყველაზე დიდი საჰაერო წვრთნები - „დამცველი 23.“