ლიეტუვა მზადაა, უკრაინაში სახმელეთო ჯარები განათავსოს - ლანდსბერგისი

ლიეტუვა მზადაა, შეუერთდეს საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივებს უკრაინაში ჯარების გაგზავნისა და საჰაერო თავდაცვის სისტემის ელემენტების გადაცემის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს კიევის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომელიც პარასკევს პრაღაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ მედიას ესაუბრა.


ლიტველმა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსმა უნდა აჩვენოს თავისი განზრახვების მთელი სერიოზულობა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისა და მისი განვითარების სტრატეგიული მიმართულებების მიმართ, მათ შორის, ალიანსში ახალი წევრების მიღების კონტექსტში.


უმაღლესი დიპლომატის თქმით, აქამდე ალიანსი კარგად ახერხებდა „კარგი სიტყვებისა და დაპირებების“ თქმას და ახლა მათი განხორციელების დროა.

მანვე აღნიშნა, რომ საუბარია არამხოლოდ ქვეყნებზე, რომლებიც მოკავშირეების დაპირებების შესრულებას ელოდებიან, არამედ, თავად NATO-ს მიმართ სანდოობაზეც.


„ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ, გავზარდოთ ალიანსის წევრების რაოდენობა, “განაცხადა ლანდსბერგისმა. ლიეტუვამ 2023 წლის განმავლობაში 2900 უკრაინელი რეკრუტი მოამზადა, 2024 წელს კი, კიდევ 3500 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს.


ცნობისთვის, საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს. Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, საფრანგეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების შესახებ მომავალ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას გამოაცხადებს. საფრანგეთი იმედოვნებს იმ ქვეყნების კოალიციის შექმნასა და ხელმძღვანელობას, რომლებიც უკრაინას მსგავს დახმარებას გაუწევენ, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი რუსეთთან შესაძლო პირდაპირი კონფლიქტის გამო შიშობს.


როგორც სააგენტო წერს, საფრანგეთი თავდაპირველად პერსონალის შეზღუდულ რაოდენობას გაგზავნის მისიის შესაფასებლად, შემდეგ კი – რამდენიმე ასეულ ინსტრუქტორს. წვრთნები ფოკუსირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე და ავიაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ ცოდნაზე. საფრანგეთი ასევე დააფინანსებს, შეაიარაღებს და გაწვრთნის უკრაინის მოტორიზირებულ ბრიგადას. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩასვლას 6 ივნისს, მოკავშირე ძალების ნორმანდიაში გადასხდომის მე-80 წლისთავზე გეგმავს.