ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) პროექტზე კონფერენცია ლონდონში, 11 ივნისს გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია კასპიის პოლიტიკის ცენტრი (CPC). კონფერენცია დიდ ბრიტანეთში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და თურქეთის ელჩების მონაწილეობით გაიმართება.
„შუა დერეფნის პოტენციური კომერციული და სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, რეგიონის ქვეყნებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უნდა იყოს ეფექტური, მდგრადი და განვითარების თვალსაზრისით გამართლებული. ეს კონფერენცია შეისწავლის დერეფნის გასწვრივ ბიზნესის კოორდინაციის, პრიორიტეტებისა და ეფექტურად წარმართვის გზებს,“ - განაცხადა CPC-მ.
ღონისძიებაზე განიხილება ნაბიჯები, რათა აღმოიფხვრას ინსტიტუციური დაბრკოლებები ბიზნესის წარმართვისთვის კასპიის რეგიონში და ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოება შუა დერეფნის ფარგლებში. გარდა ამისა, კონფერენციის ერთ-ერთი პანელი დაეთმობა შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის დაფინანსებას. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, UK Export Finance, TheCityUK-ის და სხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები. ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი იწყება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით.
ცნობისთვის, 25 იანვარს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში პოტენციურ პროექტებსა და სავაჭრო გზებზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებდა, რომ სომხეთის ჩართულობით არის დაინტერესებული აშშ-ც.
ასევე ცნობილია, რომ აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ.
თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“.
შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს.