ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მშვიდობით რომ იყოს დაინტერესებული, ომიც არ იქნებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში მიმდინარე გლობალური მშვიდობის პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მშვიდობის სამიტს შეუძლია, რეალურად დაამტკიცოს, რომ უსაფრთხოების დაბრუნება უკრაინასა და ევროპულ კონტინენტზე სრულიად შესაძლებელია. მანვე აღნიშნა, რომ მშვიდობის სამიტს შეუძლია, ნამდვილი ეტაპობრივი გეგმა შექმნას მსოფლიოსთვის ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, ტყვეებისა და დეპორტირებული პირების გასათავისუფლებლად ომის საბოლოო დასრულებამდე და მისი ხელახლა გაჩაღების საფრთხის გარეშე.


ზელენსკის თქმით, „საჭირო არაა ველოსიპედის ხელახლა გამოგონება, როდესაც გაეროს ქარტია უკვე განსაზღვრავს მშვიდობისა და ერების ნორმალურად თანაცხოვრების საფუძვლებს.“


„ჩვენ უბრალოდ მათ უნდა დავუბრუნდეთ - მათ ქმედითუნარიანობა უნდა დავუბრუნოთ. ეს არის მშვიდობის ფორმულა. ამისთვის უნდა გავარკვიოთ ქვეყნები როგორ ითანამშრომლებენ და რომლები იქნებიან თანალიდერები, რათა დავაფიქსიროთ და ქმედებების გეგმა შევასრულოთ მშვიდობის ფორმულის თითოეულ პუნქტზე. ეს გასაგები და მიღწევადი მიზნებია. დღეს შეგვიძლია, პოლიტიკური იმპულსი მივცეთ ყველა ნაბიჯის რეალიზებას, რომელიც აუცილებელია რეალური მშვიდობისთვის…


ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მთლიანად მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება მისი ნამდვილად, მყარად მიღწევა. ჩვენთვის საფუძველს გაეროს ქარტია წარმოადგენს. ხოლო შემდეგ, როდესაც ყველას მიერ შეთანხმებული და ერებისთვის გამჭვირვალე სამოქმედო გეგმა მაგიდაზე იქნება, მაშინ მის შესახებ რუსეთის წარმომადგენლებს შევატყობინებთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის გლობალურ სამიტს რუსეთი არ ესწრება.

„რატომ? ვინაიდან, რუსეთი მშვიდობით რომ იყოს დაინტერესებული, მაშინ ომიც არ იქნებოდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მშვიდობის გლობალურ სამიტში, 15-16 ივნისს ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.  ღონისძიებაში არ მონაწილეობს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, ჩინეთმა კი, მონაწილეობაზე უარი განაცხადა.