მედია: ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან, რათა უზრუნველყოს მეტი წვდომა იაპონიის ზღვაში

ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა სავარაუდოდ, მალე დაიწყებენ დისკუსიას, რომ გემებს სასაზღვრო მდინარეზე, იაპონიის ზღვაში ნავიგაციის ნება დართონ, რამაც შეიძლება, სერიოზული გავლენა მოახდინოს ტოკიოს უსაფრთხოებაზე. ამ შინაარსის სტატიას nikkei.com ავრცელებს.


მდინარე ტიუმენი აღმოსავლეთით ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გასწვრივ მიედინება და საბოლოოდ, აღწევს რუსეთის საზღვრებს, ვიდრე იაპონიის ზღვაში ჩაედინება. ჩინურმა გემებმა ორი მეზობლისაგან უნდა მიიღონ ნებართვა, თუ ისინი იმედოვნებენ, რომ გაცურავენ ჩინეთის ჯილინის პროვინციას და იაპონიის ზღვამდე მისასვლელად ბოლო 9 მილს გაივლიან.


სტატიაში წერია, რომ ჩინეთის კომერციული აქტივობის ზრდა რეგიონში, სავარაუდოდ, გამოიწვევს ჩინეთის საზღვაო ძალების გაძლიერებას. ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით, ამან შესაძლოა, იაპონია აიძულოს, იგივე გააკეთოს და ძალები გააფართოოს ორივე ქვეყნის სადავო ზონაში.


ჩინურ გემებს ამჟამად მხოლოდ მდინარეზე შეუძლიათ თავისუფლად ნავიგაცია სოფელ ფანჩუანამდე, რომელიც ჩილინის პროვინციის აღმოსავლეთით მდებარეობს.  იაპონიის ზღვამდე დარჩენილი 15-კილომეტრიანი მონაკვეთის ნავიგაციისთვის საჭიროა როგორც რუსეთის, ასევე, ჩრდილოეთ კორეის ნებართვა. საბჭოთა პერიოდის, 7 მეტრის სიმაღლის ხიდი ასევე ბლოკავს უფრო დიდი გემების გავლას.


ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეში სამიტის შემდეგ ერთობლივ განცხადებაში ახსენეს, რომ ქვეყნები მდინარე ტუმენის შესახებ"კონსტრუქციულ დიალოგში" ჩაერთვებიან ჩრდილოეთ კორეასთან. ჩინეთი ისტორიულად ფლობდა ამ ტერიტორიას, ვიდრე მას რუსეთის იმპერია 1860-იან წლებში აკონტროლებდა.


ჩინეთმა არაერთხელ მოუწოდა რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას, დაუშვან ჩინური გემების ნავიგაცია იაპონიის ზღვამდე და მის ნაპირებთან სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის წინადადებაც წამოაყენა. რუსეთი თავს არიდებდა ამ იდეას, წუხდა რა, რომ ეს გაზრდიდა ჩინეთის გავლენას ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში. მაგრამ მისი დამოკიდებულება იცვლება, რადგან ძალთა ბალანსი იცვლება მოსკოვს, პეკინსა და ფხენიანს შორის.


2022 წელს უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთი ვაჭრობის სფეროში სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთში ენერგიის ექსპორტი გაიზარდა. მოსკოვი ასევე იყენებს ჩინეთის ელექტრონულ კომპონენტებსა და ავტომობილებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 2023 წელს მთლიანი რაოდენობის 37%-მდე გაიზარდა ომამდე არსებული 22%-დან. სანქციებმა ასევე დააახლოვა რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები და სხვა იარაღი მიაწოდა. 


„ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, დათანხმდება მოლაპარაკებებს მდინარე ტუმენთან დაკავშირებით,“ განაცხადა ვან ვენმა, ჩინეთის რენმინის უნივერსიტეტის ფინანსური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დეკანმა. ჩინეთი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის თანხმობით, ტუმენის გაფართოებას და ხიდის დანგრევას განიხილავს.


უფრო დიდი გემებისთვის ნავიგაციის უფლების მიცემა „გაადვილებს ჩინეთისთვის მარაგების იაფ ტრანსპორტირებას საზღვაო გზით და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ გაცვლას ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასთან, მათ შორის, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან,“ - აღნიშნა ვანმა.


ამ ცვლილებამ ასევე შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს რეგიონის უსაფრთხოებაზე. თუკი ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები გააქტიურდებიან იაპონიის ზღვაში, იაპონიას დასჭირდება, გადაამისამართოს საკუთარი სანაპირო დაცვის ხომალდები, რომლებიც ამჟამად აკონტროლებენ წყლებს ტოკიოსა და პეკინს შორის სადავო სენკაკუს კუნძულებთან. ამან კი, რიგი ანალიტიკოსების შეფასებით, შეიძლება, შეასუსტოს მონიტორინგი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში.


სი ძინპინისა და პუტინის ერთობლივ განცხადებაში ასევე ასახულია გაფართოებული ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირების გეგმები. ჩინეთისა და რუსეთის ძალებმა ერთობლივი საზღვაო და საჰაერო წვრთნები ჩაატარეს იაპონიის ზღვაში. ჩინეთის სანაპირო დაცვის გაზრდილმა ყოფნამ, რომელიც არსებითად ფუნქციონირებს როგორც მეორე საზღვაო ფლოტი, შეიძლება, გააფართოოს ასეთი საქმიანობის სფერო ამ მხარეში.


Nikkei-ის ამ სტატიამ სპეკულაცია გამოიწვია სოციალურ მედიაში, რომ პუტინი დაუთმობს ან მიყიდის რუსეთის ტერიტორიას ჩინეთს,“ - დაწერა ოთხშაბათს X-ზე გარი კასპაროვმა, Renew Democracy Initiative-ის თავმჯდომარემ.


„პუტინი 15 წელზე მეტია, ჩინეთს იაფად მიჰყიდის რუსულ რესურსებს, მიწას და ავტონომიას,“ - წერს კასპაროვი. მისი თქმით, „ახლა ის აჩქარებს, რადგან უკრაინასთან მისმა ომმა და ამის გამო დაწესებულმა სანქციებმა, ტექნიკური, ფულადი სახსრებისა და იარაღის კომპონენტებზე ჩინეთის პოლიტიკური მხარდაჭერის საჭიროება გაზარდა.


„იმავდროულად, სი ძინპინმა უნდა შეაგროვოს რესურსები ხელსაყრელ ფასებში, რათა დაამშვიდოს ჩინეთის მოქალაქეები, რადგან ქვეყნის ეკონომიკა შენელდება,“ ასკვნის კასპაროვი.


აზია-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ჰადსონის ინსტიტუტში, პატრიკ კრონინი გამორიცხავს ამ სცენარს და მას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. „პუტინმა იცის, როგორ მიიპყროს აშშ-ის პოლიტიკოსების ყურადღება, მაგრამ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მიწის გაყიდვა აძლიერებს ნდობას და აჭარბებს მის უზარმაზარ ძალას რუსეთის სახელმწიფოშიც კი,“ განუცხადა კრონინმა Newsweek-ს.


თუმცა პეკინს თვალი უჭირავს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილზე. გასულ წელს, ჩინეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გასცა დავალება, რომ ახალ რუკებში გამოყენებულიყო ჩინური სახელები ვლადივოსტოკისთვის და რეგიონის შვიდი სხვა ქალაქისთვის.


„ახალ რუკაზე ასევე ასახული იყო ბოლშოი უსურიისკი, რომელიც ჩინეთში ცნობილია როგორც ჰეიქსიაზი (შავი დათვი) კუნძული - მთლიანად ჩინეთის ტერიტორიაზე. კუნძული მდინარეების  - უსურის და ამურის შესართავთან მდებარეობს და ერთობლივი საკუთრებაა მას შემდეგ, რაც ორმა მეზობელმა 2008 წელს მიაღწია სასაზღვრო შეთანხმებას,“ წერს გამოცემა, რომელიც ასევე მიუთითებს, რომ ჩინეთი რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, მეტი წვდომის უზრუნველსაყოფად ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მდინარეზე, რომელიც იაპონიის ზღვაში მიედინება.


როგორც Newsweek-ი დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, იაპონიის ზღვაზე უფრო დიდმა წვდომამ შესაძლოა, ტოკიოზე ზეწოლა მოახდინოს. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მოკავშირე იაპონიას ჩინეთთან აქვს ტერიტორიულ დავა სენკაკუს კუნძულებთან დაკავშირებით. ჩინეთს მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს ჩრდილოეთ კორეაზე, როგორც ქვეყნის მთავარ მოკავშირეზე, და უფრო მეტად - რუსეთზეც. რუსეთი ჩინეთთან ვაჭრობას დიდად ეყრდნობოდა და ჩინეთის ვალუტაში გადახდებსაც აქტიურად იყენებდა მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ, მძიმე სანქციების წინაშე აღმოჩნდა.


„თუკი ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები გააქტიურდებიან იაპონიის ზღვაში, იაპონიას დასჭირდება, გადაამისამართოს საკუთარი სანაპირო დაცვის ხომალდები, რომლებიც ამჟამად აკონტროლებენ წყლებს სენკაკუს კუნძულების მახლობლად,“ - ამბობს გამოცემასთან ჩისაკო მასუო, სოციალური და კულტურული კვლევების უმაღლესი სკოლის პროფესორი.