უკრაინის უსაფრთხოების სტრატეგია, შავ ზღვაში NATO-ს ძალების მუდმივ ყოფნას ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ამოქმედდა. სტრატეგია მიზნად ისახავს საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას და საზღვაო სუვერენიტეტის უზრუნველყოფას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ დამტკიცებული ეს სტრატეგია მიზნად ისახავს, უზრუნველყოს მზადყოფნა, ყოვლისმომცველი პრევენცია და ეფექტიანი რეაგირება უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების საფრთხეებზე.

 „ჩვენი შესაძლებლობების განვითარებაში ეს არის თანამედროვე სტრატეგია და ჩვენ მას განვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მე მალე განვიხილავ სტრატეგიის დეტალებს მათთან, ვისაც ჩვენ მსგავსად სურს სტაბილური უსაფრთხოება თავისი რეგიონებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ცვლილებებს გარკვეული მიმართულებით.

 „კერძოდ, უსაფრთხოების ცვლილებებს და ინოვაციებს, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, ჩვენი ძალების განვითარებაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ ოთხშაბათს, 17 ივლისს საღამოს ვიდეომიმართვაში.

6 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს ახალი საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს საზღვაო ძალების მშენებლობას, NATO-სთან წვრთნებს და ალიანსთან ერთობლივი „უსაფრთხოების მისიების (საზღვაო პატრულირებას - აზოვი-შავი ზღვის აუზში) ორგანიზებას. 17 ივლისს სტრატეგია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ (NSDC) დაამტკიცა. დოკუმენტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა. NSDC-ის ყოფილმა მდივანმა ოლექსი დანილოვმა განმარტა, რომ სტრატეგიის მიზანია, უკრაინა საზღვაო ძალად აქციოს.

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხედ განიხილავს ნებისმიერ გეგმას შავ ზღვაში NATO-ს ხომალდების მუდმივი ყოფნის შესახებ, უკრაინის კონფლიქტში ალიანსის ჩართულობის გათვალისწინებით. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებს ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საზღვაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე. ზელენსკიმ მანამდე ისაუბრა იმის აუცილებლობაზე, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი არ დომინირებდეს შავ ზღვაზე.


სტრატეგია ასევე ითვალისწინებს NATO წევრი ქვეყნების მონაწილეობით „სამთო კოალიციის“ შექმნას, რომელიც განახორციელებს რეგიონის, კერძოდ, უკრაინის საზღვაო სივრცეებისა და მდინარეების განაღმვას ომის შემდგომ პერიოდში, NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით; ასევე გათვალისწინებულია: „NATO-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება, წვრთნების, მანევრების და სხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვა, ალიანსის ძალების მუდმივი ყოფნის უზრუნველყოფა შავ ზღვაში, ფლოტის ბაზირების სისტემის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება შავი ზღვის რეგიონსა და ხმელთაშუა ზღვაში უსაფრთხოების საიმედო გარანტირებისთვის.“


„უკრაინა არის საზღვაო სახელმწიფო, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ არაპროვოცირებულ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას, განსაკუთრებით, შავ და აზოვის ზღვებში - საზღვაო მიმართულებიდან. უკრაინის კონტროლის აღდგენა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზღვის სანაპიროზე, საკუთარ საზღვაო სივრცეებზე, აგრეთვე საზღვაო ზოლების უსაფრთხოების აღდგენა და გარანტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებობისთვის. უკრაინა დაინტერესებულია უსაფრთხოების გარანტიით და ნაოსნობის თავისუფლებით, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე - მსოფლიოში,“ ასე აღწერს სტრატეგიას ზელენსკის ადმინისტრაცია.


მისი განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან, მათ შორის, უცხოური ინვესტიციებით დაფინანსდება. მინისტრთა კაბინეტს უშიშროების სამსახურთან და საგარეო დაზვერვის სამსახურთან ერთად, სამი თვის განმავლობაში სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება ევალება.


ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას პრაქტიკულად არ გააჩნდა საკუთარი ფლოტი, რომლის უმეტესი ნაწილი ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიკარგა. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა კლასის 22 ხომალდი და 37 დამხმარე გემი ჰყავდათ. ამავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის (BSF) ძალა 286 ერთეული იყო. ამჟამად რუსეთი აკონტროლებს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულს, აზოვის ზღვის სანაპიროს და შავი ზღვის სანაპიროს ნაწილებს მატერიკზე, უკრაინაში.


ზაპოროჟიეს რეგიონის სამხრეთი და ხერსონის რეგიონის ნაწილი ოკუპირებულია. მიუხედავად ამისა, კიევისა და მისი მოკავშირეების ცნობით, 2,5 წლიაინი ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს შავი ზღვიდან რუსეთის ფლოტის განდევნა. კიევი იყენებს რაკეტებს და ახლად შექმნილ ფლოტს სხვადასხვა საზღვაო დრონებს, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის დომინირებას შავ ზღვაში. რაკეტების, თვითმფრინავების და უპილოტო კატარღებით თავდასხმების შედეგად, განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა შავი ზღვის ფლოტის გემების 30%.


ამან უკრაინას საშუალება მისცა, შეემცირებინა სადესანტო ოპერაციების საფრთხე და ზღვიდან მისი ტერიტორიის დაბომბვის ინტენსივობა, ასევე გაეწმინდა წყლის ტერიტორია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის.


შეგახსენებთ, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.


შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.