„უკრაინის რკინიგზა“ ევროკავშირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების ინსტრუმენტის "ევროპის შეკავშირების ფონდის" [Connecting Europe Facility - CEF] მეშვეობით, 42,95 მილიონ ევროს მიიღებს. „უკრაინის რკინიგზის“ პრესსამსახურის ცნობით, ფონდის საკოორდინაციო კომიტეტმა უკრაინული კომპანიის საპროექტო განაცხადი 16 ივლისს დაამტკიცა.
გამოყოფილი თანხა ევროპული ლიანდის სარკინიგზო ქსელის განვითარებას მოხმარდება. პროექტის საერთო ღირებულება 85,91 მილიონ ევროს შეადგენს. ფონდი CEF 50 %-ს, ხოლო დანარჩენს - უკრაინული მხარე დააფინანსებს.
პროექტი ითვალისწინებს რკინიგზის ობიექტების გეგმიურ რეკონსტრუქციას და ევროპული ლიანდის (1435 მმ) სარკინიგზო ხაზის გაყვანას ჩოპიდან ლვოვამდე. ჩოპი მსხვილი სატრანსპორტო კვანძია უკრაინას, უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლვოვის სარკინიგზო კვანძის რეკონსტრუქციის სტრატეგიის შემუშავება უკრაინაში ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების პერსპექტივის გათვალისწინებით.
ასევე დაგეგმილია ელექტრიფიცირებული ევროპული ლიანდის დაპროექტება და აშენება მონაკვეთზე - პავლოვო 2-დან მატოვცემდე უკრაინა-სლოვაკიის საზღვარზე უზჰოროდამდე და ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი ევროპული ლიანდი ჩოპი-უჟჰოროდის მონაკვეთზე.
როგორც ცნობილია, „უკრაინის რკინიგზამ“ 2024 წლის აპრილში დაიწყო რკინიგზის მშენებლობა ჩოპი-უჟჰოროდის მონაკვეთზე.
ცნობისთვის, 2022 წელს, ევროკომისია, ევროკავშირში შემავალ ყველა ქვეყანაში, სტანდარტული სიგანის (1435 მმ) ლიანდის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. განსხვავებული სიგანის ლიანდი აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ირლანდია, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პორტუგალია და ესპანეთი.
2022 წლის 27 ივლისს ევროკომისიამ შეიტანა ცვლილებები თავის 2021 წლის დეკემბრის შეთავაზებაში, რომელიც ეხება ე.წ. TEN-T Regulation-ის (ევროპის პარლამენტის და საბჭოს რეგლამენტი ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის TEN-T განვითარების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ) გადასინჯვას.
„ჩვენი შეთავაზება, გაფართოვდეს ევროპის სატრანსპორტო დერეფნები უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიებზე - მარიუპოლის და ოდესის პორტების ჩათვლით, - ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დაკავშირებულობის გაუმჯობესებას ამ ორ ქვეყანასა და ევროპის კავშირს შორის, გაადვილებს რა ეკონომიკურ გაცვლა-გამოცვლას და უზრუნველყოფს უკეთეს მიმოსვლას ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის. აღნიშნული დერეფნები უპირველესი პრიორიტეტი გახდება აგრეთვე უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენის დროს ომის დასრულების შემდეგ. უკრაინიდან „სოლიდარობის ზოლებით“ (Solidarity Lanes) ხორბლის ექსპორტის უზრუნველყოფისაკენ მიმართულმა ჩვენმა ძალისხმევამაც წარმოაჩინა ინტეროპერაბელობის მნიშვნელობა სატრანსპორტო სისტემის შეგნით და გაზარდა ევროპის კავშირის ქსელში თანდათანობითი დაახლოების დონის ამაღლების აუცილებლობა, რათა გახდეს ის უფრო სიცოცხლისუნარიანი, ხოლო შიდა ბაზარი - უფრო ძლიერი,“ - განაცხადა ტრანსპორტის საკითხების კიმისარმა, ადინა ველეანმა.