26 ოქტომბერს, სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია, რომელიც მეოთხე ვადით არჩევას ცდილობს, და ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ კენჭისყრას რეფერენდუმად მიიჩნევენ. კერძოდ, „ქართული ოცნება“ ომსა და მშვიდობას შორის არჩევანზე საუბრობს, მისი მეტოქეები კი, ოკუპანტ რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანზე მიუთითებენ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების დაახლოებით, 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, კონსტიტუცია კი, ლიდერებს როგორც ევროკავშირში, ასევე, NATO-ში გაწევრიანებას ავალდებულებს.
ევროკავშირი, რომელმაც საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიანიჭა, და ასევე, დასავლეთი, რომელთანაც მმართველ გუნდს ურთიერთობა გაუარესებული აქვს ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების შემდგომი მოვლენების გამო, ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას უსვამენ ხაზს.
„ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩაივლის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მას აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები. ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა 18 ოქტომბერს და აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ევროკავშირს გამოუყენებია სანქციები, თუმცა სანქციების გამოყენება არ არის მარტივი, ვინაიდან მას სჭირდება ერთსულოვნება. პაველ ჰერჩინსკი „უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებასაც“ არ გამორიცხავს, „თუკი ვითარება გაუარესდება.“
„გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს,“ - აღნიშნა ელჩმა.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზეა. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი საჭირო იყო მავნე უცხოელი აქტორების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. მისი ოპონენტების შეფასებით, ნამდვილი მიზანი კი, განსხვავებული აზრის აქტორების სტიგმატიზირებაა.
ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.
„არჩევნების წინ, მმართველი პარტია სარეკლამო კამპანიაში მიუთითებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროკავშირსა და აშშ-ზე, გააფართოოს კონფლიქტი უკრაინაში და „ქართული ოცნებას“ ძალაუფლება ჩამოართვას. ასევე გამოჩნდა ბილბორდები, რომლებიც უკრაინაში ნგრევის ამსახველ შავ-თეთრ სურათებს უპირისპირებს საქართველოს ცხოვრების ფერად სურათებს, სლოგანთან ერთად: „უთხარი არა ომს - აირჩიე მშვიდობა!.“
„ბევრი ქართველი შიშობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ამან შესაძლოა, მთლიანად გაანადგუროს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები,“ - წერდა Associated Press-ი 25 გამოქვეყნებულ სტატიაში.
CNBC კი, წერს, რომ ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს არჩევნები შეიძლება, განიხილებოდეს როგორც რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენის და მოსკოვთან უფრო მჭიდრო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მხარდაჭერა ან ამის წინააღმდეგ ხმის მიცემა.
Reuters-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ, სადაც „დაახლოებით, 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა და მას შემდეგ, ეს ქვეყანა პროდასავლურ პოლიტიკას ახორციელებს.“
„ქართული ოცნება“ ბოლო ორი წლის განმავლობაში პრორუსულ რიტორიკაზე გადავიდა და დასავლურ ქვეყნებს ადანაშაულებს ომში საქართველოს ჩათრევაში. მან ასევე გააღრმავა კავშირები ჩინეთთან. პარტიას მართავს ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს უმდიდრესი ადამიანია და ზოგადად ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება. არჩევნები ტარდება რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოლდოველებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მისცეს ხმა, მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კენჭისყრა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჩარევით მიმდინარეობდა,“ წერს ბრიტანული სააგენტო, რომელიც სტატიას აქვეყნებს სათაურით - „რა დევს სასწორზე საქართველოს არჩევნებზე.“
ცნობისთვის, არჩევნებზე აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი (61.3%) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა - საარჩევნო უბნებზე 2.2 მლნ-ზე მეტი ადამიანი მივიდა. 1,181,862-მა “ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ” ხმების 55% აიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 40.3%. “ნაციონალურ მოძრაობას“ 867,432-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. 5%-იანი ბარიერი სხვა ვერცერთმა პარტიამ ვერ გადალახა.
მაჟორიტარული ნაწილიდან “ქართულმა ოცნებამ“ 41 ოლქი მოიგო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 32. სხვა პარტიების წარმომადგენლებს არცერთი ოლქი არ მოუგიათ. საბოლოო ჯამში, “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 85 მანდატი მოიპოვა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 65. წელს, სრულად პროპორციული წესით, პარლამენტი პირველად აირჩევა.
პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი.
4 ძირითად ოპოზიციურ ძალას ხელი აქვს მოწერილი პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ „ქართულ ქარტიაზე.“ სალომე ზურაბიშვილი გამორიცხავს ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა.“