აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში.
- ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, აშშ-ის საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი გამოაქვეყნა. მან ისაუბრა სტრატეგიული ინვესტიციების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე სუფთა ენერგეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და კრიტიკულ მინერალებში. სალივანსა ასევე ჰკითხეს აშშ-ჩინეთის ეკონომიკური კონკურენციისა და ბაიდენის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ. საქართველოსთან დაკავშირებით კი, სალივანმა ქართველი ჟურნალისტის შემდეგ შეკითხვას უპასუხა: „როგორია თქვენი ხედვა ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე და ასევე - საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ, სამ დღეში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია, წინასაარჩევნო პერიოდი კი, მძიმე ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე წარიმართა. როგორია თქვენი მოლოდინი."
„საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესთან და დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით და ძალიან შეშფოთებულები ვართ ამით.
საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. ვფიქრობ, საქართველოში არავის არ სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის, ჩინეთისთვის,“ - განაცხადა სალივანმა შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას.
აშშ-ის წარმომადგენლის ამ კომენტარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. „საქართველო 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა და 3 000 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის არა თუ დაგირავება უკადრია არავის, არამედ, არც ამ ტერმინებით უსაუბრია - მას შემდეგ, რაც არჩევნები გადაივლის და უკრაინაში ომი დასრულდება, აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვერავინ აკადრებს საქართველოს იმაზე საუბარს, რომ საქართველო პარტიზანულად ტყეში უნდა გავიდეს და გლობალური ინტერესებისათვის იქედან იომოს!“ განუცხადა კობახიძემ მედიას.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."
სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.
15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.
17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა.
ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს.
ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.