ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა

ცესკომ დღეს, 16 ნოემბერს, არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, მანამდე კი, მას "შავი ლაქა" უწოდა. სხდომა მცირე ხნით შეწყდა.


„სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს, თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება,” - მიმართა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს.


გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა.

„ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც, ფაქტობრივად, არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით

არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია იყო,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.


შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ფაქტთან დაკავშირებით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი "უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის.”


დღეს, ცესკოს სხდომის პარალელურად, შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. საპროტესტო მსვლელობისას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან გაიმართა, ჯამში სამი პირია დაკავებული. შსს-ს ცნობით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე, საპატრულო პოლიციიდან ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობა და საპოლიციო მოქმედებებისთვის ხელის შეშლა დაფიქსირდა.


საბოლოოდ, ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა და პარლამენტში 89 მანდატი მიიღო. 4 ოპოზიციური სუბიექტიდან ყველაზე მეტი - 19 მანდატი გვარამია-მელიას კოალიციამ მიიღო, "ნაციონალურ მოძრაობას"  - 16, "ძლიერ საქართველოს" - 14, გიორგი გახარიას პარტიას კი - 12 მანდატი აქვს. 26 ოქტომბრის არჩევნებზე 2 111 834 ამომრჩეველი მივიდა, 34 974 ბიულეტენი კი  - გაბათილდა.


ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. ხელისუფლების კრიტიკოსები პერიოდულად აქციებს მართვენ. პროტესტია რიგ უნივერსიტეტებშიც. საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილეს.