მდინარაძის თქმით, ივანიშვილი და ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია თუმცა პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ.


„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ საკუთარი სურვილით არ შევიდნენ.


მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ გამორიცხულია, საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იყოს.

პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, სხდომა არ დანიშნა.

ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.