სახალხო დამცველის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. მან ჟურნალისტებს კითხვის პასუხად უთხრა, რომ პარლამენტის შეკრების თარიღი კონსტიტუციით არის განსაზღვრული.


„არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო.

საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის,“ - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე „პროცედურული დარღვევები“ იყო, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, გაყალბებულს არ უწოდებს.


„მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს. მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“... არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა,“ - აღნიშნა მან 2024 წლის პირველ ნოემბერს.


როგორც დღეს იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენი არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებებს ეყრდნობა.

„ჩვენ ვეყრდნობით ეუთო/ოდირის დასკვნას. შესაბამისად, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის დოკუმენტი, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ. სხვა ნებისმიერი შეფასება ჩემი მხრიდან, როგორ ჩატარდა არჩევნები, არასწორი იქნება, ვინაიდან ჩვენ არ მოგვიხდენია არჩევნების დაკვირვება და შესაბამისად, სახალხო დამცველი არ არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია,“ - განაცხადა იოსელიანმა, რომელიც 25 ნოემბერს პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებოდა.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.