„16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკებაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ - ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა, მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა აღარ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ისევე, როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ გაპროტესტებით ჩაიშალა რადიკალური ოპოზიციის შემოდგომის გეგმები, ამ შემთხვევაშიც, ყოველი მომდევნო შემოდგომისა და გაზაფხულის არეულობის გეგმები ეშლებათ, პირველ რიგში კი - 16 დეკემბერს დაგეგმილი არეულობის გეგმები.“
„ისევე როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ შემთხვევაში, ჩვენ ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები მათ, ამ და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ისინი ცდილობდნენ, საარჩევნოდ შემოენახათ ენერგია. მათ ერთი მხრივ, ვერ შეძლეს ქართული საქმისათვის ხელის შეშლა გაზაფხულზე და მეორე მხრივ, გამოეცალათ მთლიანი ენერგია, რაც არჩევნებისათვის უნდა დაეხარჯათ და არჩევნების საბოტაჟი ამით განეხორციელებინათ. ამიტომ იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან აიცილა არეულობა და ქაოსი არჩევნების პერიოდში ქვეყანაში და მეორე მხრივ, გამჭვირვალობის ქართული კანონი მიიღო.
ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვიცილებთ ყველა გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენ 16 დეკემბრიდან მოყოლებული ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან. ახლა ეს ჩაცხრება დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ამ ჩვენს ნალაპარაკევს ბევრი ადამიანი მოისმენს და ბევრი მიხვდება, რამდენად მყარ სიმართლეს ვამბობთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული.
მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა.
შეგახსენებთ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს.
თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“