შსს აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდებს, „თავი შეიკაონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს.“
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში ვრცელდება პროვოკაციული მოწოდებები სამინისტროს კუთვნილი ავტომობილებისა და კამერების დაზიანების შესახებ. დარახველიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიციას ექნება შესაბამისი რეაგირება. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტთან, აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს, მძიმე საგნებს, საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ და „პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ.“
“აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს.
აქციის მონაწილეებს, ასევე, ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას აკრძალული ნივთების ჩამოსართმევად.
ასევე, ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას.
გვსურს, საზოგადოებას ასევე შევახსენოთ, რომ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი დაშავდა.
ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა, გზის საფარი და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები.აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები დღესაც მობილიზებულები იქნებიან დაგეგმილ აქციაზე და დაიცავენ მართლწესრიგს,” - აღნიშნა დარახველიძემ
შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზიანდნენ - მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა.
ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ ეს განცხადება მან მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
"ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული.
მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა.
მათ კი, ვინც პროტესტი გამოხატა, კობახიძის თქმით, მოსმენილის გააზრების პრობლემა აქვთ.
„ზოგადად, ჩვენ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და, მით უმეტეს, საჯარო მოსამსახურეს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. აქაც აშკარად იკვეთება წაკითხულის გააზრების და მოსმენილის გააზრების პრობლემა. თუ ვინმეს აქვს ეს პრობლემა ობიექტურად, მე პირადად მზად ვარ, რომ განვუმარტო თითოეული საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა. კარგად შეგიძლიათ, წაიკითხოთ გუშინდელი ბრიფინგის ტექსტი. შეიძლება, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდ ნაწილს არ ჰქონდა ბოლომდე წაკითხული ეს ტექსტი, ან თუ წაიკითხა, შეიძლება ვერ გაიაზრა,“ განაცხადა პრემიერმა.
29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს.
თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“
განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.