„ენერგომომარაგების მიმართულებით, თურქეთი კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე“, - ამის შესახებ Europetime-ს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განუცხადა, თურქეთში რუსეთის მიერ ატომური ელექტრო სადგურის „აკუიუს“ მესამე ბლოკის მშენებლობის დაწყების ფაქტის შეფასებისას.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ატომური ელექტროსადგურის აშენების შემდეგ, თურქეთი გაცილებით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს და იმპორტს შეამცირებს, მისი ენერგოდამოუკიდებლობა ამით არ გაიზრდება.
„პირიქით, უფრო მეტად დამოკიდებული გახდება რუსეთზე, რადგან სავარაუდოდ სადგურის მუშაობა, მთლიანად რუსეთის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. გარდა ფინანსური ინტერესისა, რუსეთის მთავარი ინტერესი სწორედ ეს იყო. სადგურზე ატომური საწვავის, შეტან ,და ნარჩენების უტილიზაცია დიდი ალბათობით რუსეთის მიერ მოხდება. ამ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ენერგომომარაგების კუთხით, თურქეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთზე “, - განაცხადა პაატა ცინცაძემ.
Europetime-თან საუბრისას, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი ასევე განმარტავს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე, თურქეთში ატომური ელექტრო სადგურის აშენებამ.
პაატა ცინცაძის ცნობით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად მილიარდ ნახევრამდე კილოვატსაათ ელექტროენერგიას შეისყიდის, სამი ქვეყნიდან - თურქეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.
„უკვე 15 წელია, თურქეთში ელექტრო ატომური სადგურის პროექტს ამუშავებენ. რა ინფორმაციაც ვრცელდება, აღნიშნული სადგური საკმაოდ ძვირ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, როგორც მე ვიცი, კილოვატ საათის ღირებულება 20-22 ცენტი იქნება. რაც, შესაძლოა, საქართველოს მიერ თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახოს და ტარიფი გაძვირდეს.
ვიდრე ელექტროენერგიის იმპორტი დაგვჭირდებოდა, დიდი ხნის განმავლობაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა იყო და თურქეთი ჩვენგან ყიდულობდა ელექტროენერგიას. მაგრამ ბოლო წლებში, საქართველოში იმდენად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, ტურიზმის განვითარების გამო, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან ყველას მომსახურების სფეროს სჭირდება კონდიციონერი და სხვა სახის სერვისი, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს. ამიტომ, ელექტროენერგიის იმპორტი დავიწყეთ.
ატომური ელექტრო სადგურის აშენების შემდეგ, საქართველო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგება. ჩვენ შეიძლება თურქეთის სახით, ელექტროენერგიის ტრადიციული საექსპორტო ბაზარი დავკარგოთ, რომლის გამოც აშენდა სპეციალური ელექტროგადამცემი ქსელი, თავისი მუდმივი დენის ჩანართით. ამ ქსელით, აზერბაიჯანს და რუსეთს თურქეთში, საქართველოს გავლით ტრანზიტულად გააქვთ ელექტროენერგია. საიდანაც ჩვენს ქვეყანას გარკვეული შემოსავალი აქვს და შიძლება ეს ტრანზიტიც მკვეთრად შემცირდეს და ამხელა ინფრასტრუქტურა უფუნქციო გახდეს“, - განუცხადა Europetime-ს პაატა ცინცაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის, „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს.
პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნულ ენერგო ინფრასტრუქტურაში ატომური ენერგიის დამატება ენერგო მომარაგების უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია.
ინტერვიუ სრულად ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ - ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?!