თეთრ სახლში აშშ-ის ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გადაწყვეტს, რომელ კომპანიებს შეუძლიათ ნავთობის მოპოვება ვენესუელაში და ვენესუელა აშშ-ს 50 მილიონ ბარელამდე ნავთობს „გადასცემს.“
ტრამპი ამბობს, რომ ამერიკული ნავთობკომპანიები ვენესუელაში ნავთობის ინფრასტრუქტურის აღსადგენად „სულ მცირე 100 მილიარდ დოლარს (74.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) დახარჯავენ და არა მთავრობის ფულს.“
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ უსაფრთხოების გარანტიებს გასცემს ვენესუელაში ბიზნესის კეთების მსურველ ამერიკულ კომპანიებზე და აშშ-ის გემები დაიცავენ ადგილზე აშშ-ის ინვესტიციებს.
აშშ ასევე გადაწყვეტს, რომელ ფირმებს შეუძლიათ ვენესუელაში ოპერირება და ახალი ხელმძღვანელობის დროს ქვეყანა აშშ-ის მოკავშირე ხდება. ის შეხვედრებს გეგმავს ვენესუელის სხვადასხვა ლიდერთან, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერ მარია კორინა მაჩადოსთან, რომელიც მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა და რომელსაც, მისი თქმით, შეიძლება, გარკვეული როლი ჰქონდეს ქვეყნის მმართველობაში.
მას ჟურნალისტებმა ჰკითეს, რომელია უფრო მნიშვნელოვანი ვენესუელაში - „სტაბილურობა თუ დემოკრატია“. ის პასუხობს, რომ კითხვა „შესაძლოა, ერთსა და იმავეზე საუბრობდეს.“
„ჩემთვის ეს თითქმის ერთი და იგივეა,“- ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. „ჩვენ გვინდა სტაბილურობა, მაგრამ გვინდა დემოკრატია. საბოლოო ჯამში, ეს იქნება დემოკრატია,“ - აღნიშნა ტრამპმა.
ვინ აღასრულებს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებს ნავთობკომპანიებისთვის.
ტრამპი ამბობს, რომ აშშ ითანამშრომლებს ვენესუელასთან, მაგრამ ნავთობკომპანიები თავად უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას.
„მაგრამ ჩვენ მათთვის ძალიან კარგი უსაფრთხოება გვექნება. ნავთობკომპანიები მკაცრები არიან. მე ვფიქრობ, რომ ვენესუელის ხალხი მათ ძალიან კარგ უსაფრთხოებას მისცემს,“ - პასუხობს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპი ამბობს, რომ თუ აშშ არ ჩაერეოდა [ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის] მართვაში, აშშ-ს სხვა მოწინააღმდეგეები გააკეთებდნენ ამას. „ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, ამას ჩინეთი ან რუსეთი გააკეთებდნენ,“ - ამბობს ტრამპი და განმარტავს, რომ შესაძლოა, ისინი ან კოორდინირებულად მოქმედებდნენ, ან ცალ-ცალკე.
„ჩვენ ღია ვართ ბიზნესის კეთებისთვის“, ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი და რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდებს, ამერიკული ნავთობკომპანიებისგან „იყიდონ იმდენი ნავთობი, რამდენიც სურთ.“