რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტეზე გაეროს რეზოლუცია დაბლოკეს

ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს გაეროს რეზოლუციას, რომელიც სახელმწიფოებს ჰორმუზის სრუტეში კომერციული გადაზიდვების დასაცავად, კოორდინირებული ძალისხმევისკენ მოუწოდებდა. 


აშშ-ის ელჩმა მსოფლიო ორგანიზაციაში, „პასუხისმგებელ ერებს“ მოუწოდა, შეუერთდნენ აშშ-ს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყალსატევის უსაფრთხოების საკითხში.


15-წევრიან უშიშროების საბჭოში ბაჰრეინის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელსაც აშშ-მაც დაუჭირა მხარი, 11-მა წევრი მიემხრო, ორი - ჩინეთი და რუსეთი - წინააღმდეგი იყო, ხოლო ორმა [პაკისტანმა და კოლუმბიამ] თავი შეიკავა.



„არავინ უნდა შეეგუოს ამას. ისინი გლობალურ ეკონომიკას იარაღის მუქარით აკავებენ. მაგრამ დღეს რუსეთი და ჩინეთი ამას ეგუებიან. მათ მხარი დაუჭირეს რეჟიმს, რომელიც ცდილობს სპარსეთის ყურის ქვეყნების დაშინებას და დამორჩილებას, მაშინაც კი, როდესაც ის საკუთარ ხალხს სასტიკად ეპყრობა,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში მაიკ უოლცმა.


ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო მაინც გამოიყენეს მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინმა თავისი რეზოლუციის პროექტი მნიშვნელოვნად შეასუსტა მას შემდეგ, რაც ჩინეთი წინააღმდეგი იყო ძალის გამოყენების ნებართვის გაცემაზე.


კენჭისყრაზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საზღვაო მარშრუტის დასაცავად, ძალის გამოყენების ნებისმიერი ნებართვა გაუქმდა. ასევე გამოტოვებული იყო სავალდებულო აღსრულების აშკარა მითითება, რომელიც ადრეულ პროექტში იყო შეტანილი.


რეზოლუციის ტექსტი მკაცრად მოუწოდებდა სახელმწიფოებს, თავდაცვითი ძალისხმევის ირგვლივ გაერთიანებულიყვნენ, გარემოებების შესაბამისად, რათა ხელი შეეწყოთ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ასეთი წვლილი შეიძლება, მოიცავდეს „სავაჭრო და კომერციული გემების ესკორტს“ და „ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნავიგაციის უგულვებელყოფის, შეფერხების ან სხვაგვარად ჩარევის მცდელობების თავიდან აცილების მხარდაჭერას.“


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. თეირანმა გლობალურად მნიშვნელოვან საზღვაო სატრანსპორტო სრუტეზე ბლოკადა დააწესა.