აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენას Europetime-თან აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა და მთავარ გზავნილებზე მიუთითებს.
ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია და ახლა მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით, რაც საქართველოში ხდება.
„ამ მოსმენიდან ჩემთვის მთავარი გზავნილები იყო: ორივე მხარეს, მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია და კომპრომისული გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული სისტემის აღსადგენად. მეორე - მთავრობამ უნდა დაადასტუროს, რომ სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და პასუხისმგებელია იმაზე, რომ ეს ასეა.
მესამე - ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ახლოსაა თავისუფალ, სამართლიან არჩევნებთან და არის კონკურენტული, თუმცა ბევრი პრობლემით, საკმარისი არ არის. რეალურ დემოკრატიაში უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც გადაჭრის დავებს ოპოზიციასა და მთავრობას შორის. მათ ეს მექანიზმები უნდა გამოიყენონ.
მეოთხე - მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით ახლა, რაც საქართველოში ხდება. ჩემთვის ეს ყველაფერი ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ჰგავს, როდესაც დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალიან აქტიურობდა, რათა გავლენა ჰქონოდა ამერიკის არჩევნებზე; გამოეწვია უთანხმოება; პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ხალხს არ ჰქონოდა ნდობა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მიმართ.
ასე რომ, ის, რის თქმასაც სენატორი შაჰინი, ჯორჯ კენტი და სხვა ჩემი მეგობრები ცდილობდნენ სენატში, არის შემდეგი: საქართველო, შენ ეს საკითხი უნდა მოაგვარო, უნდა იპოვო გზა, დაუბრუნდე დემოკრატიულ კურსს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.
მისივე თქმით, „თუ კრიზისის გაღრმავდა და უბრალოდ, არ გადაიჭრა, კონკრეტული პირებისადმი სანქციების დაწესება, თავად ამ პირების ქცევაზეა დამოკიდებული, თუმცა, ამერიკელი დიპლომატის აზრით, თუ აშკარად გახდა, რომ ადამიანები მთავრობაში, ძირს უთხრიან დემოკრატიას, მიმართავენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება, სანქციები შესაძლებელია, თუმცა მეორე მხრივ, თუ აღმოჩნდება, რომ ოპოზიცია მხოლოდ პოლიტიკურ დაძაბულობას უწყობს ხელს და ნაკლებ ყურადღებას აქცევს მედიაციის მექანიზმს დანიელსონის მონაწილეობით, ეს ალბათ შეამცირებს ამ სანქციების შესაძლებლობას.
მეთიუ ბრაიზას თქმით, აშშ განაგრძობს საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირების გაღრმავებისადმი მხარდაჭერას და ეს არის როგორც აშშ-სა და საქართველოს, ასევე. ნატოს ინტერესში.
„აშშ განაგრძობს იმის ხაზგასმას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატია და მისწრაფებები ნატოში, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა. ეს არის უმთავრესი საქართველოსთვის. ევროკავშირს და აშშ-ს სურთ, მოაგვარონ თქვენი პრობლემები, თუმცა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, იპოვონ გზა და მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილებები. გამოსავალი არც რევოლუციაშია და არც ოპოზიციის განადგურებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.