ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშრებით სწრაფი დასკვნა/მოსაზრებები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტი რიგ პროგრესსა და რეკომენდაციებზეც მიუთითებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც არის საუბარი. ამასთან დაკავშირებით, Europe Time ვენეციის კომისიის წევრს და ამ დასკვნის ერთ-ერთ ავტორს რიჩარდ ბარეტს ესაუბრა.
„ეს სენსიტიური საკითხია, რომლის მიზანიც საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების ხელშესაწყობად, საუკეთესო კანდიდატების მოზიდვა უნდა იყოს. პროცესი ასევე უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად. ცვლილებებში პროგრესი შესამჩნევია, უნდა აღინიშნოს კანდიდატების საჯარო მოსმენის დროს ყველა კანდიდატის მიმართ თანაბარი მიდგომა და ასევე პოზიტიურია ის, რომ კანდიდატები, რომლებმაც გასაუბრების დრო საუკეთესო შედეგი მიიღეს, საბოლოო ჯამში კანდიდატთა სიაში მოხვდნენ.
ცვლილებების მიხედვით, მისასალმებელია, რომ გასაუბრების დროს მიღებული ქულები, კანდიდატს შეუძლია, საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს. ეს პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა რიჩარდ ბარეტმა Europetime-თან საუბრისას.
მან „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და ამ მიმართულებთ მიღწეულ პროგრესსა და ნაკლოვანებებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„მთავარი მიზანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის ეფექტური და სამართლიანი პროცედურის შექმნაა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ელემენტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ყველა კანდიდატის მიმართ პროცედურის სამართლიანად წარმართვა.
ამ თვალსაზრისით არსებობს მრავალი გაუთვალისწინებელი საკითხი, რომელთა მოგვარება ჯერ კიდევ საჭიროა, მათ შორის, ცვლილებების მიხდვით საჭიროა, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატისადმი საჩივრით მიმართვისას, ყველა კანდიდატისთვის დანიშვნის მთლიანი პროცედურის შენარჩუნება.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების უფლება არსებობდეს. შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა ასევე უნდა შეიცვალოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებლობა (და ა.შ.) - ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ჩვეულებრივი აცილების პროცედურის დაცვა არ იქნება ადეკვატური.
და ბოლოს, ამჟამინდელი ცვლილებები ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ მათ მიღებას მიმდინარე კონკურსის დროს, შეიძლება შედეგები მოჰყვეს ამ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის. მიუხედავად კონკურსის დროს განხორციელებული ცვლილებებისა, კანდიდატებისადმი თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, შეიძლება, საჭირო იყოს ამ პროცესში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ან პროცესის სრული განახლებაც კი. გასაჩივრების მექანიზმთან ერთად შემოთავაზებული გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, პროცესისადმი ნდობის გაზრდას უნდა დაეხმაროს“, - აღნიშნა რიჩარდ ბარეტმა.
ვენეციის კომისია 29 აპრილს გამოქვეყნებულ თავის დასკვნაში მიესალმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელშიც მისი რამდენიმე წინა რეკომენდაცია გაითვალისწინეს.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა პირველ აპრილს ერთხმად მიღებული ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად უნდა წარდგეს, ხოლო კანდიდატების საჯარო მოსმენა „უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით“.
ვენეციის კომისიას სასწრაფო დასკვნის მოსამზადებლად პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 8 აპრილს მიმართა მას შემდეგ, რაც წინა დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა განაცხადა, რომ მართალია, ევროკავშირი, ზოგადად, მიესალმება მოსამართლეთა შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებისათვის ინიციატივას, ის იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე, სახელდახელოდ შეიმუშავა და მიიღო“
ევროკავშირმა სინანულით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტმა აქამდეც შეცვალა კანონი „ნაჩქარევად, ვენეციის კომისიისათვის საბოლოო აზრის დროულად მოკითხვის, თუ ამ აზრისათვის დალოდების გარეშე“.
ინტერვიუს ინგლისური ვერსია, ამ ბმულზე ნახეთ.